ილიას ზუროსი:

ილიას ზუროსი: "შენგელია თავისი ქვეყნის პატრიოტია, სპორტი პოლიტიკაში არ უნდა გავურიოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა Eurohoops-ს განუცხადა, რომ შენგელია თავისი ქვეყნის პატრიოტია და მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა არაფერს ცვლის.

ზუროსმა გაიხსენა, რომ ესპანეთის ჩემპიონობიდან ერთ საათში თორნიკემ წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ იგივე სიხარულის განცდა საქართველოს ნაკრებშიც უნდა.

„სპორტი ხალხს აერთიანებს, ის პოლიტიკისგან ძალიან შორსაა და საერთო არაფერი აქვს. შენგელია ერთ-ერთი ის სპორტსმენია, რომელიც თავისი სამშობლოსთვის სულს აძლევს. „ბასკონიასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და თავისი ქვეყნის დროშას ამაყად ატარებდა. ამ ტრიუმფიდან ერთ საათში მომწერა, რომ მოუთმენლად ელოდება ასეთი მომენტების განცდას ეროვნულ გუნდში. თორნიკე პატრიოტია და ეს არც განიხილება.

უფრო მეტია, ვიდრე პატრიოტი. საქართველოსთვის უმაღლეს დონეზე იბრძვის, ასე რომ, არ მაქვს უარყოფითი კომენტარი ისეთი ერთგული ადამიანის მიმართ, რომელიც თავის ქვეყანას საუკეთესოდ წარმოადგენს. სპორტი პოლიტიკასთან ჩართული არ უნდა იყოს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი ივლისში გააფორმა.