ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

„ქვეყნის ფარგლებში არასანქცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის გამო, დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დაკავებული. აქედან დაახლოებით ათასი ადამიანი მინსკში დააკავეს“, - განაცხადა მან.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გამოყენებული არ იყო და სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად არავინ დაღუპულა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.