როგორც შევიტყვეთ, 2013 წელს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ აკრძალული სერიალის "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონი გავა. ფილმში პრემიერ-მინისტრის მკვლელობაა ასახული. პრემიერ-მინისტრი ქალია, მას საკუთარი დაცვის წევრების დახმარებით მანქანაში კლავენ და კონსპირაციულ ბინაში სიკვდილის ინსცენირებას აწყობენ. როგორც სერიალის რეჟისორი და სცენარის ავტორი ამბობენ, სააკაშვილის ხელისუფლება ფილმში აღწერილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ვერსიამ დააფრთხო, რადგან იგი საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის რეალურ ვერსიასთან.
ზაზა ურუშაძე, ფილმის რეჟისორი:
- ეს ფილმი გადავიღეთ 2006 წელს, 2007 წელს დავამთავრეთ მონტაჟი და ამის შემდეგ ფილმი დააპატიმრეს. კონკრეტული მიზეზი არავის უთქვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდით, რას უკავშირდებოდა ეს - მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პროტოტიპები არ არსებობენ, აქ გადმოცემული იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის აკრძალული ვერსია. სერიალში პრემიერ-მინისტრი ქალია და მის როლს ნინო ბურდული თამაშობს. მას მანქანაში კლავენ, მკვლელობაში დაცვის წევრები მონაწილეობენ, შემდეგ გვამი მიაქვთ კონსპირაციულ ბინაში, სადაც აწყობენ საყვარელ მამაკაცთან ერთად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ინსცენირებას.
- როგორ გაჩნდა იდეა, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილის შესახებ გადაღებულიყო ფილმი? ეს ბადრი პატარკაციშვილმა შეგიკვეთათ?
- არავითარი შეკვეთა არ ყოფილა. როცა მესამე სეზონი დავასრულეთ, ვიფიქრეთ, რომ მაყურებლისთვის ეს სიუჟეტი საინტერესო იქნებოდა. აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მკვლელობა არ არის, სხვა საინტერესო მასალებიცაა. ეტყობა, ხელისუფლებიდან ვიღაცამ ამ პერსონაჟებში საკუთარი თავი ამოიცნო, ვიღაცას პრემიერ-მინისტრის მკვლელობის ამ ვერსიის გაჟღერება არ ესიამოვნა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცნობდით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შესახებ გამოძიების მასალებს, არ ვიცოდით, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა, როცა სცენარისტები ამაზე მუშაობდნენ, ხალხში გავრცელებულ ვერსიებს ითვალისწინებდნენ.
ფილმი 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დააპატიმრეს. ერთი წლის წინ კი ტელეკომპანია "იმედში" მივიდნენ ვიღაც ტიპები, კუდ-ის თუ სოდ-ის თანამშრომლები და არა მხოლოდ ფილმის 12 სერია, მასტერკლასის კასეტები, რითაც ეთერში უშვებენ ფილმს, არამედ მთელი სამუშაო მასალა, თავის დუბლებიანად წაშალეს. ეს იყო 70-საათიანი დაუმონტაჟებელი მასალა, რომელიც მთლიანად გაანადგურეს იმის გამო, რომ ფილმი ხელახლა არ დამონტაჟებულიყო. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა. კომუნისტების დროსაც კი არ მსმენია. ტელეკომპანია "იმედში" გადამალული იყო ფილმის ორიგინალი კასეტა, რასაც ახლა გაუშვებენ.
ვიმეორებ, სერიალში არ ყოფილა გამოყენებული ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ დოკუმენტური მასალები, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს მიერ აღწერილი მკვლელობა არცთუ ძალიან დაშორებული იყო რეალობას.
- "ცხელი ძაღლის" მე-5 სეზონი უკვე სხვა რეჟისორმა გადაიღო. რატომ მოხდა ეს?
- მე თავად ვთქვი უარი სერიალის შემდეგი სეზონის გადაღებაზე, რადგან სხვა ფილმზე ვმუშაობდი. ეს იყო საშინელება, მრავალსერიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი დაიბლოკა იმის გამო, რომ ხალხს ზურაბ ჟვანია არ გახსენებოდა. რატომ ჰქონდა ასეთი შიში ხელისუფლებას? ამან ხომ უფრო მეტი ეჭვები გააჩინა? ველოდი, რომ ფილმი დღის სინათლეს იხილავდა და მართლაც, იანვრიდან ტელეკომპანია "იმედი" სერიალს ეთერში გაუშვებს.
კოტე ჯანდიერი, სცენარის ავტორი:
- სერიალ "ცხელი ძაღლის" ყველა სეზონის სიუჟეტი ეხმიანება ცხოვრებისეულ მოვლენებს. ფილმში წამოწეული პრობლემები იმ პერიოდში რეალურ ცხოვრებაში აქტუალური პრობლემების ანარეკლია.
რაც შეეხება უშუალოდ მეოთხე სეზონს, სადაც პრემიერ-მინისტრს კლავენ, ის არავითარ რეალურ მტკიცებულებებს არ დაფუძნებია, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი ლოგიკურად გამართული ფანტაზია ძალიან ახლოს აღმოჩნდა სინამდვილესთან.
როცა ჩვენ ამაზე დავიწყეთ მუშაობა, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. ცხადია, არხის ხელმძღვანელობას ვუთხარით, რა სიუჟეტი იქნებოდა ფილმში. არხის ხელმძღვანელობა დაგვთანხმდა, მაგრამ მუშაობის დასრულების შემდეგ პატარკაციშვილის ხელისუფლებასთან დამოკიდებულება უკვე გამძაფრებული იყო. ბადრი ელოდა ნოემბრის მოვლენებს და შემდეგ აპირებდნენ ფილმის გაშვებას, მაგრამ, მოგეხსენებათ, 7 ნოემბერს "იმედში" შევარდა "სპეცნაზი", პატარკაციშვილების ოჯახს ტელეკომპანია წაართვეს და სერიალი დააპატიმრეს. ჩვენ გვეგონა, რომ ფილმი საერთოდ განადგურებული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაარჩინა.
- სერიალში პრემიერ-მინისტრს მანქანაში კლავენ. ეს თქვენი ფანტაზიაა თუ რაიმე მასალას დაეყრდენით?
- ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი არ ყოფილა უბედური შემთხვევა. არსებულმა ვერსიებმა ჩვენს ფანტაზიას გარკვეული მიმართულება მისცა, თუმცა, როგორც გითხარით, აღმოჩნდა, რომ ფილმში ჩვენს მიერ აღწერილი მკვლელობის ვერსია ძალიან ახლოს ყოფილა სინამდვილესთან, წინააღდმეგ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა. მე და აწ გარდაცვლილი ნუგზარ შატაიძე ვამაყობდით, რომ ჩვენ იმ ერთადერთი ფილმის ავტორები ვართ, რომელიც მთავრობამ დააპატიმრა. სულ გვქონდა იმედი, რომ ფილმი პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.
გიორგი ყიფშიძე, მსახიობი:
- ძალიან გამიკვირდა, რომ ფილმი ეკრანზე არ გავიდა. მისი აკრძალვა იყო სრული მარაზმი. რა უბედურებაა, ფილმი აიკრძალოს იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც პარალელები გაავლო.
ამავე დროს ჩვენ ვისმენდით ამაყად საუბარს იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. რა თქმა უნდა, მთელი შემოქმედებითი კოლექტივი აღვშფოთდით, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? რაც უნდა გვეფაფხურა, აზრი არ ჰქონდა.
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:
- ფილმი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სცენარი დაწერილი იყო ჟვანიას მკვლელობაზე და შეეშინდათ. ხომ იცით, სააკაშვილის დემოკრატიულ სახელმწიფოში როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი. ამათ ფილმი კი არა, სიმღერებიც აკრძალეს. ბიძინა კვერნაძის სიმღერა აკრძალეს, რაზეა ლაპარაკი! ესენი არიან უგუნურების ბრბო, იმიტომაც 9 წლის მანძილზე ვერაფერი გააკეთეს. ხალხის შანტაჟს, დაჭერებს, მკვლელობებს, ქონების წართმევას მოუნდნენ და ახლა უკვირთ, რატომ უნდა ვაგოთ პასუხიო.
ნუკრი ქანთარია, რეჟისორი, პარლამენტარი:
- ამ ფილმში ეპიზოდურ როლს ვასრულებ, სიმართლე გითხრათ, ფილმი არც მინახავს, ჩემი ეპიზოდებიც კი არ მაქვს ნანახი, რადგან სააკაშვილმა ფილმი დააპატიმრა. ეს ფაქტი არის დასტური იმისა, რომ 9 წელიწადი ტოტალიტარულ რეჟიმში ვცხოვრობდით. პირობას გაძლევთ, ჩვენი ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოტივით არაფერი აიკრძალება.
მიხეილ სააკაშვილს იმ მხატვრული ფილმისაც კი ეშინია, რომელიც ზურაბ ჟვანიას ახსენებს, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ის ახლა, როცა იცის, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე დღე-დღეზე გაიხსნება.
გოგა ჟვანია, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, პარლამენტარი:
- ფილმის შესახებ მსმენია, თუმცა, ნანახი არ მაქვს და ვერც ვერანაირ კომენტარს გავაკეთებ. ერთ რამეს ვიტყვი, თუ ჩემი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, გამოძიებას მიმართოს.
- ბატონო გოგა, რა ეტაპზეა გამოძიება, როდის გაიხსნება საქმე?
- ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდება მალე. 2013 წელი ნამდვილად იქნება ის წელი, როცა დაზუსტებით გავიგებთ, როგორ მოკლეს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.