რა ფორმით ჩაერთვება სააკაშვილი 2020 წლის არჩევნებზე და იქნება თუ არა ის პრემიერობის კანდიდატი?

რა ფორმით ჩაერთვება სააკაშვილი 2020 წლის არჩევნებზე და იქნება თუ არა ის პრემიერობის კანდიდატი?

ჩატარდება თუ არა 2020 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის მზის ქვეშ და რას გულისხმობს ექს-პრეზიდენტი, როდესაც აცხადებს, რომ შეიძლება პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იყოს. კითხვაზე აპირებს თუ არა ის საქართველოში არჩევნებისთვის დაბრუნებას და როგორი იქნება მისი როლი, სააკაშვილი ამბობს: „ივანიშვილისთვის ნაკოლის მიცემას არ ვაპირებ“. ხოლო მთავრობის შესაძლო დაკომპლექტებაზე და კოალიციური ხელისუფლების შექმნაზე საკამოდ სინტერესო კომენტარს აკეთებს - სააკაშვილი ამბობს, რომ მან თავის დროზე ყველას საერთო სიის შექმნა შესთავაზა თუმცა უარი მიიღო, მაგრამ პრობლემას ამაშიც ვერ ხედავს.

„რაც შეეხება, ვინ დააკომპლექტებს და რას დააკომპლექტებს, მთავრობების მომავალი უნდა იყოს დაკომპლექტებული საზოგადოების საუკეთესო წევრებით, წარმომადგენლებით, ყველაზე კვალიფიციური ქართველებით. მთელ მსოფლიოში არიან ისინი, ყველაზე ნიჭიერი ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა იყოს არც არანაირი პარტიული კვოტები. პარტიები, ყველაფერი მოგვრჩება უკან, თუ ქვეყანა არ ამოვათრიეთ და ქვეყანა უნდა ამოათრიოს ქვეყნის ყველაზე კარგმა ხალხმა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკოსისგან, მისთვის ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი პიროვნება, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება.

„ამ არჩევნებზე ივანიშვილს წერტილი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა აღმშენებლობა“, - ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე for.ge-სთან ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლი მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ყველანაირ ფორმალობას თავი რომ დავანებოთ, ის პარტიის ლიდერია - მიუხედავად იმისა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა, ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს გაჩერებულა და მისი როლი ყელა არჩევნების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

„სააკაშვილი მუდამ ჩვენი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია და ის 2020 წლის არჩევნებშიც აქტიურად იქნება ჩართული. მოაწყობს ხუთკაციან, 10-კაციან შეხვედრებს, ჩაერთვება სკაიპით და ყველა საარჩევნო აქტივობაში შეძლებისდაგვარად მოანწილეობას მიიღებს. იქნება ეს პოლიტიკური განცხადებები თუ სხვადასხვა სახის იდეების გამოთქმა. სააკაშვილს პოლიტიკური ველიდან ვერავინ ვერ წაშლის“, - ამბობს გოცირიძე for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში მიხეილ სააკაშვილი განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და როდის აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერის კანდიდატის საჯაროდ დასახელებას,

გოცირიძე გვპასუხობს, რომ ამის შესახებ საზოგადოება 2 კვირაში გაიგებს, როდესაც ამაზე საბოლოოდ ჩამოყალიბება მოხდება.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ამიტომაც დღეს მთავრობას რამდენიმე ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბებს. საპარლამენტო არჩევნებზე, წესით, ოპოზიციამ „ოცნებაზე“ მეტი ხმა უნდა აიღოს. შეიძლება პრემიერის კანდიდატურაზე კოალიციამ იმსჯელოს. ნუ არასერიოზულია, რომ 1%-იანმა პარტიამ, საიდანაც პარლამენტში მხოლოდ ერთი კაცი მოხვდება თქვას, რომ პრემიერი მე უნდა ვიყოვო, მაგრამ შესაძლოა იმ ერთმა ხმამც გადაწყვიტოს. ყველა სერიოზულ პარტიას საკუთარი პრემიერობის კანდიდატი უნდა ყავდეს. ჩვენ დაახლოებით 2 კვირაში, ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად პრემიერობის კანდიდატს წარვადგენთ. ამაზე ვიმსჯელებთ და პარტია გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს“, - ამბობს გოცირიძე for.ge-სთან.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე კარგა ხანია არ მისცა საშუალება თავისი თავი ახალი სახით წარმოეჩინა. მათ ამისთვის დროც ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას მაინც ის „ნაციონალები“ ახსოვს, რომლებიც ადმიანების სისხლზეა დამყნობილი. დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს სააკაშვილი ქვეყანას სხვა უკეთეს არაფერს უქადის და ისინი ჩადენილ დანაშაულს არ ინანიებენ. იყო რაღაც მცდელობები ნაციონალებს თავიანთი თავი უკეთესი მხრიდან წარმოეჩინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

„სააკაშვილმა, როგორც ჩანს, დასკვნა გააკეთა, რომ მცდელობა საკუთარი თავი მოსახლეობას სხვა უკეთესი კუთხით დაანახოს, უშედეგოა და კვლავ ძველ რიტორიკას დაუბრუნდა. სააკაშვილის ქცევები და განცხადებები კიდევ უფრო არაადეკვატური ხდება. დროთა განმავლობაში, მას ხიბლის ცოდვა კიდევ უფრო გაუმძაფრდა. მას მიაჩნია, რომ ის იმ პოტენციის მატარებელია, რომელიც არა მარტო საქართველოს და უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს სჭირდება.

დღეს თუ საქართველოს გარედან დესტაბილიზაცია ემუქრება ეს არის რუსეთი. ხოლო ქვეყნის შიგნით დესატაბილიზაციის გამომწვევი სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ძალაა. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ისინი ცდილობენ ბნელ წარსულთან დისტანცირება მოახდინონ, რომელსაც ძველ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჭედავდნენ. თუმცა მათაც დაინახეს, რომ ეს მიზანი მიუღწეველია, რადგანაც მათაც საკმაოდ ბევრი აქვთ გაკეთებული. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სააკაშვილმა ყველა ფეხქვეშ ამოიდო, გამოიყენა და ახლა ცდილობს, როგორც ზედმეტი ბალასტი თავიდან მოიშოროს“, - ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილმა 1-კაციანი პარტიების მეშვეობით შექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ 30 პოლიტიკური სუბიექტი უპირისპირდება და რაოდენობიდან გამომდინარე სიმართლე მათ მხარეს არის. ამ გაერთიანებამ ვერანაირი წარმატება ვერ მოიტანა, თუმცა სააკაშვილს აწყობს და სჭირდება, რომ ეს პარტიები როგორც თავად ამბობს „ერთი მზის ქვეშ“ იქნეს გაერთიანებული.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პარტიებს, რომლებსაც ამბიცია თანასწორუფლებიანობაზე ჰქონდათ, მაგალითდ „ლეიბორისტებს“, ნინო ბურჯანაძეს ან „ევროპულ საქართველოს“ რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ახედებს იმ რეალობისკენ, რომ გამოიყენეს. ხოლო მასზე დამოკიდებული ჯგუფები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად კიდევ ერთხელ გამოიყენოს. ამით კი თავისი დომინანტობა წარმოაჩინოს“, - ამბობს ვოლსკი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ყველა არჩევნებზე „ოცნებისთვის“ გამარჯვების კოზრია, ამიტომაც რამდენჯერაც ამის საშუალება მიეცემა იმდენჯერ გამოიყენებს. ეს არის პოლიტკური ტაქტიკა და ამაში გასაკვირი არც არაფერია. მაგრამ, მეორე მხარეა, როდესაც გიყენებენ, თავად უნდა მიხვდე, რომ თავი აღარ გამოაყენებინო. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ განსაკუთრებით მმართველი გუნდისთვის მოსავლიანია, როდესაც სააკაშვილი საარჩევნო პროცესში იჭრება ხოლმე. ყველაფერი აქედან გამომდინარე კი, თუ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს თავი პრემიერობის პრეტენზიით შეახსენა, მაშინ ძალიან დიდი შანსია, რომ საარჩევნო უბნებზე უფრო მეტი ადამიანი მივიდეს, ვიდრე მისვლას აპირებდა.

„ხალხში იმის განცდა გაჩნდება, რომ სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში მოდის. მიაღწევს თუ არა ამას მესამე პრეზიდენტი, ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილში კიდევ უფრო დიდ შიშს გააჩენს. ნაციოანლების სიჯიუტემ ერთი პერიოდი გამიჩინა ეჭვი, ხომ არ გვეშლება და, საერთოდ, ამ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლა კი არ უნდა, არამედ მისი მთავარი მიზანია ქვეყანაში პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი არ დაკარგოს და მუდმივად მის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

საქმე ისაა, რომ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ იმ 12%-ს, რასაც არჩევნებში იღებს ხოლმე, ვეღარ აიღებს და დაკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით, ამ პარტიის განშტოებების მაგალითზე - „გირჩი“, „სტარტეგია აღმაშენებელი“, და „ევროპული საქართველო“, როგორც კი მათ სააკაშვილისგან გამიჯვნა მოისურვეს, ამომრჩევლები დაკარგეს. ამიტომაც უნდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენს და მისი ფაქტორი ყველა არჩევნებზე სჭირდება. ამას კი „ოცნება“ სათავისოდ იყენებს და წლებია ამ ორ პოლუსზე ტრიალებს ქართული პოლიტიკა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli ამათ ან სააკაშვილმა, ან ხაზარაძემ და კიდევ სხვა უწიგნურებმა ნეტავ არ იციან, რომ ეს გაპარჭყული, ზევით აშვერილი ორი თითი არის სიმბოლო ეშმაკის რქებისა, რომელმაც ქრისტეზე, ქრისტეს ჯვარზე გაიმარჯვა?!
3 წლის უკან