რომან გოცირიძე ვანო მერაბიშვილზე: ეს იყო პოლიტიკური პროცესიდან გათიშული, უკვე ნეიტრალური და გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი

რომან გოცირიძე ვანო მერაბიშვილზე: ეს იყო პოლიტიკური პროცესიდან გათიშული, უკვე ნეიტრალური და გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი

მერაბიშვილმა უარი თქვა ამ ციკლში პოლიტიკურ საქმიანობაზე. პირადად ჩემი მოსაზრებაა, მას რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში, ის მოიგებდა, ვინაიდან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ჯერ პოლიტიკურ ცხოვრებას განერიდოს და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყოს. ის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ვაჭრობენ, შეიძლება ვთქვა, რომ კონსულტაციას გადიან. პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და სამწუხაროდ ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ პატიოსნად მოვედით ამ საარჩევნო ციკლში. არავინ მოგვიტყუებია და პარტიებთან უპრეცედენტო გარიგება გავაკეთეთ თბილისის მაჟორიტარების სახით. მე ვაჭრობას, ამ სიტყვას, არ განვიხილავდი მაკომპრომიტირებელ გამონათქვამად. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობაზე გამონათქვამს, ეს იყო უკვე ამ პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანის, უკვე ნეიტრალური დაგაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი. მეტი კონსოლიდაცია საჭიროა ოპოზიციას შორის, ახლაც და სამომავლოდაც რომ ხელისუფლება შევცვალოთ. ბუნებრივია, როცა არჩევნები დამთავრდება, მთავრობის ფორმირებაში იქნება სხვადასხვა ინტერესი გამოხატული. გინდ ვაჭრობა უწოდეთ ამას და გინდ შესაბამისი ზომით პრეტენზიების გამოთქმა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და ასევე, არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციიდან უფრო ხშირად პოლიტიკური ვაჭრობა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი ისმის, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.