შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალს „ტოიოტა ქამრის“ ექვსივე მგზავრს  წარუდგენენ

შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალს „ტოიოტა ქამრის“ ექვსივე მგზავრს  წარუდგენენ

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე სამართლებრივ პროცედურას გასცდა და პოლიტიკური დატვირთვა მიიღო. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია ამტკიცებს, რომ ოჯახი, ასევე ბიძა მირიან ნიკოლაძე, რომელიც ამ საქმის ადვოკატია, დაინტერესებული არ არიან საქმის გამოძიებით და ხელს უწყობენ გამოძიებას საქმის არაობიექტურად გამოძიებაში. თუმცა, რაში გამოიხატება ოჯახის და ადვოკატის დაინტერესება, რომ საქმე არაობიექტურად იქნას გამოძიებული, რასაკვირველია, დამაჯერებელი არგუმენტი არ არსებობს.

37-დღიანი გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებებით 19 წლის ფეხბურთელის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 მოზარდის დანაშაულის შესწ ავლა პროკურატურამ დაასრულა. არასრულწლოვნებს ამ ეტაპზე ედავებიან ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესი ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლოზე 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელეს. ესენი არიან არასრულწლოვნები „მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან და, ასევე „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ.

ასევე, სასამართლომ იმსჯელა იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ „მერსედესის“ მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.

დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ.–ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამრიხანაშვილმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ შეცდომაში შეგნებულად შეიყვანეს. შესაბამისად, აღნიშნული მოწმეების ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს.

„ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას რეალობა იმ საღამოსვე დაუმალეს, ეს ის პირები არიან, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ გამოძიებას, მათ შეიყვანეს გამოძიება ჩიხში. ამ პირებს „ოქროს მოწმეებად“ ვერ შევრაცხავდი. ისინი თითქოსდა, იხსენებენ ახალ გარემოებებს, რის შედეგადაც გამოძიებას სურს, დაკავებულებს ბრალი დაუმძიმოს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ ზ.ხ. ბრალი დაუმძიმდეს. ზ.ს.–ს ფიზიკური სიახლოვეც კი არ დასტურდება გარდაცვლილ შაქარაშვილთან.

19 ივნისის ღამეს მცხეთაში, მაგისტრალზე განვითარებული ინციდენტის დროს, ზ.ხ საქმის ფიგურანტ „ტოიოტა ქამრში“ იჯდა, თუმცა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ზ.ხ. მიდის იმ ფერად შენობამდე, რომელიც დაიწვა და იქიდან ბრუნდება მანქანასთან, რომ მოაბრუნონ მანქანა და მოიყვანონ იმ ადგილზე, სადაც შეხვდნენ ამირხანაშვილს. ის მანქანაში იხსენებს ამ ეტაპზე მხოლოდ ვასილ მახარაძეს, რომელიც საჭესთან იჯდა. დანარჩენი პირები დატოვა ფერად შენობასთან, სადაც თვითონ გაჩერდა და მობრუნდა მანქანასთან“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

დაკავებული არასრულწლოვანის მამა, რომელსაც მაისურზე დატანილი აქვს მირიან ნიკოლაძის ფოტო წარწერით „მაგ სიმართლით იარე“, მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც თამაზ ხომასურიძე აცხადებს, დედისთვის სათქმელი აქვს. ბიძას კი კარიერისტს უწოდებს და განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ამ ყველაფერში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მონაწილეობს.

„ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს“, – აცხადებს თამაზ ხომასურიძე.

მისი თქმით, ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს არაგვის მიმართულებით სამი გამხდარი ბიჭი მისდევდა, მისი შვილი კი, ამ ადამიანებს შორის არ ყოფილა.

„ღამე სახლში რომ მოვიდა, არ იცოდა ის ბიჭი დაღუპული რომ იყო, როგორ „იგულავეთ–მეთქი“, ვკითხე და არაფერი, ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთო, მითხრა. შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა. როცა ეძებდნენ, ცოცხალი ეგონა, როცა გაიგო დაღუპული იყო, 2–3 ღამე არ ეძინა, ღმერთს ვფიცავარ, ვახო ჩიქოვანი ტიროდა, რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო, ამბობდა.

ჩემმა შვილმა ფერად შენობასთან მიირბინა, ვახო ჩიქოვანს გული ეტკინა, ჩაიკუზა და ჩემ შვილს თხოვა წადი მანქანა მოიყვანეო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა, ვახო ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა, არაფერი დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების 3 მანქანა რომ ჩავიდა, იმათმა ცემეს შაქარაშვილი, რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა? ან პოლიციამ ცემა, ან მაგათმა“, – აცხადებს თამაზ ხომასურიძე.

დაკავებული არასრულწლოვნი ზ. ხომასურიძის ბაბუა აცხახებს, რომ მისი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც. აცხადებს, რომ მისი შვილიშვილი ხიდის ეპიზოდში დევნაში მონაწილეობას იღებდა, რათა ის პირი ენახა, ვინც მისი მეგობარი, ვახტანგ ჩიქოვანი სცემა, თუმცა, მანქანასთან მალევე დაბრუნდა.

„ჩემი შვილიშვილი დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანს გაჰყვა, გარეთ ჩხუბი რომ მოხდა, იქ ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა, დაკავებამდე 4 დღით ადრე მითხრა ეს. ჩიქოვანს რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და თავი გაუტეხეს. ჩემი შვილიშვილი დევნაში მონაწილეობდა, გაქცეულებს მისდევდა, შაქარაშვილს არა, ის ტელევიზორში ნახა. 3 თუ 4 გარბოდა, ხიდზე გაიქცნენ, დავანებე თავი და მანქანისკენ მოვტრიალდიო, მერე დანარჩენებიც მოტრიალდნენო, მითხრა. ამირხანაშვილისთვის უკითხავს, შენი ძმაკაცი სადაა, დაურეკე, წავიყვანოთო.

იმისთვის მისდევდნენ, რომ ამოეცნოთ ვინ ცემა ჩიქოვანი, ის რომ ენახათ, არ მოკლავდნენ. ვკითხე ჩემ შვილიშვილს, კაცურად მითხარი, რომ გენახათ, რას იზამდი–მეთქი და ერთი–ორს წამოვარტყამდიო, მიპასუხა. ძმაკაცს თავი გაუტეხონ, მიცემონ, ასე სად ხდება? 20 მეტრის რადიუსშიც არ მივკარებივარ შაქარაშვილსო. ამირხანაშვილს თუ არ შეეხნენ, წყალი, სიგარეტი შესთავაზეს, არც იმას შეეხებოდნენ“, – აცხადებს ხომასურიძე.

დამატებითი ექსპერტიზა იქნება საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ ბრალი „ტოიოტა ქამრის“ ექვსივე მგზავრს წარედგინოს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაგეგმილია ახალი დამატებითი ექსპერტიზა, რომელშიც ექიმები უნდა ჩაერთონ. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზის გამოკვეთილმა ვითარებამ მოითხოვა ის, რომ სხადასხვა პროფილის სპეციალისტი ჩართულიყო საქმეში. ოჯახმა სამი ექსპერტი ჩართო, მათ შორის არის ნევროლოგიც.

„ჩემი მოლოდინით, ეს ექსპერტიზა არსებული ვერსიების გასამყარებლად ერთ–ერთი საყრდენი იქნება, ვინაიდან, ის 14 კითხვა, რომელიც ექსპერტიზაშია, ემსახურება იმას, რომ სხვა გარეშე ვერსიები გამოირიცხოს და პასუხებით მივიდეთ იქამდე და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად იყო ბავშვის მიმართ ძალადობა და შემდეგ მისი მდინარე არაგვში გადაგდება. ამიტომ, ეს ექსპერტიზა იქნება საკმარისზე მეტი საფუძველი იმისა, რომ ექვსივე მათგანს წარედგინოს ბრალი.

ამ შემთხვევაში საუბარია საქმეში ფიგურანტი ერთ–ერთი მანქანის, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებზე. ოჯახის პოზიცია არის უცვლელი, პირებს, რომლებიც ისხდნენ „ტოიოტა ქამრიში“, პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა დაეკისროთ, ეს არის კატეგორიული პოზიცია და არ შეიცვლება. ამ მოთხოვნისთვის არსებობს მტკიცებულებები და აუცილებლად დაემატება კიდევ სხვა მტკიცებულებები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

რაც შეხება დაკავებული ხომასურიძის ბარლდებას და გარდაცვლილის დედასთან შეხვედრას, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, შეუძლია ჩვენება მისცეს გამოძიებას, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს სიმართლის დადგენაში, ეს იქნება ის, რაც ევალება თითოეულ მოქალაქეს.

„ოჯახი ამას მიჩვეული ვართ, არათუ მაიკაზე დაჯღაბნილ რაღაც სისულელეებს, არამედ, ტელევიზიები გვიტევენ პირდაპირ დაზარალებულ ოჯახს და ეწევიან მიზანმიმართულ კამპანიას. ასეთ მდარე ტრიუკებს მიჩვეულები ვართ.

ყველა ის მასალა და მტკიცებულება, რაც არსებობს და რაც შემდგომში იქნება მოპოვებული, განთავსდება ამ სისხლის სამართლის საქმეში და როდესაც მივა სათანადო კონდიციამდე, რომ უკვე ბრალი შეიძლება წარედგინოთ ამ ბრალდებულებს, ამ მუხლით, ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება.

ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის პასუხს და დამატებით სხვა სახის მტკიცებულებებს. როგორც კი ეს მტკიცებულებები შემოვა, ბუნებრივია, პროკურატურა მაშინ იმსჯელებს ბრალეულობის საკითხის განსასაზღვრად“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ალეკო გეჯაძის განცხადებით, შაქარაშვილს მხოლოდ გულმკერდის წინა მხარეს ჰქონდა გვამური ლაქები, ხოლო უკანა მხარეს განსხვავებული ფერის ლაქა, ლპობითი პროცესისგან გამოწვეული ლაქები იყო. რაც შეეხება სიკვდილის ხანდაზმულობას, გეჯაძის განცხადებით, ეს მომავალი ექსპერტიზის მსჯელობის საგანია, რომელიც წარმოების პროცესშია.

„უნდა დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა ტრავმული შოკი. სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ გამოძიებას მისწერა წერილობითი თხოვნა და სთხოვა, გამოყოს ექსპერტთა კომისია და მოიწვიოს სამი ექიმ–კლინიცისტი, კერძოდ: ნეიროქირურგი, ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი.

მათი პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა მას ტრავმული შოკი. ჩვენი ნევროლოგიც ჩართულია, თუმცა ამ ეტაპზე ვერანაირ დამატებითი ინფორმაციას ვერ ვიტყვი. თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან ამ კუთხით. ცალსახად ვადასტურებთ, რომ არანაირი ქალაფუძის მოტეხილობას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა ალეკო გეჯაძემ.