გუშინ ამერიკულმა გამოცემამ „Radar News” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ამ გაზეთის მტკიცებით, ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდა.
ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა კერძო დეტექტივი, ვინმე პოლ ჰიუბლი დაიქირავა. ბატონმა პოლმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მუსიკოსი სიცოცხლეს ამერიკულმა ნარკომაფიამ გამოასალმა.
ჰიუბლმა ბევრი იშრომა და დაადგინა, რომ სახელგანთქმულმა მომღერალმა ნარკოტიკული საშუალებების მოვაჭრეების დიდი ვალი დააგროვა.
ოფიციალური ვერსიით, ჰიუსტონი მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ქალაქ ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ სასტუმროში აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, ქალბატონმა უიტნიმ ნარკოტიკების დიდი დოზა მიიღო და გულმა უმტყუნა.
ბატონმა პოლმა პოლიციის მტკიცება ეჭვის ქვეშ დააყენა. კერძო დეტექტივმა აღმოაჩინა, რომ გარდაცვალების წინა საღამოს ჰიუსტონს ნარკოდილერები დაუკავშირდნენ და დაგროვილი ვალის სასწრაფოდ გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრნენ.
ჰიუბლმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ ჰიუსტონს ნარკორეალიზატორების მილიონნახევარი დოლარის ვალი ჰქონია.
კერძო დეტექტივის მტკიცებით, ლოს-ანჟელესის პოლიციამ საზოგადოებას სიმართლე დაუმალა. გარდაცვალებამდე ჰიუსტონი სასტიკად იცემა, შემდეგ კი უცნობმა ბოროტმოქმედებმა წყალში დაახრჩეს.
ეს სენსაციური ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურო მუსიკოსის გარდაცვალების ნიუანსების შესწავლას ხელახლა დაიწყებს.