გიორგი ვოლსკი თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს აკრიტიკებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, სერგეენკომ წლების განმავლობაში ისეთი საქმეები გააკეთა, რომ კრიტიკას გაუძლებს. ვოლსკის განცხადებით, თუკი ჯანდაცვის სისტემას რაიმე გამოსასწორებელი აქვს, ამისთვის უწყებას საკმარისი კომპეტენცია და ორგანიზებული მმართველობა გააჩნია.
ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ გავრცელებული განცხადებები, შეიძლება უპირისპირდებოდეს ერთმანეთს, თუმცა ეს რაიმე სკანდალის საფუძველი არ არის. ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ ცერცვაძის მხრიდან კრიტიკა მოულოდნელი იყო.
„უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ შეიძლება სახელმწიფოს ერთმა შტომ მეორესთან იკამათოს და დამოუკიდებლები არიან ექიმები თავის ხედვებსა და გადაწყვეტილებებში. ანალიზიც საკმაოდ დამოუკიდებელია, თუმცა მკაცრი. კრიტიკა მოსალოდნელი არ იყო 2012 წლამდე, მაშინ, როცა ერთ მხარეს შეეძლო გაეკრიტიკებინა მეორე და ამისთვის წინასწარი შეთანხმება იყო საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა სასჯელის სხვადასხვა ფორმები. ასეთი მმართველობის პირობებში პრობლემების წარმოჩენა საერთოდ არ ხდებოდა.
დავით სერგეენკომ მოახერხა რომ კრიტიკას გაუძლოს კიდევაც და საპირისპიროდ ის უამრავი კეთილი საქმე გაგვახსენოს, რომელიც მას გაუკეთებია ამ სახელმწიფოში. თუკი რაიმე გამოსასწორებელია, ჯანდაცვის სისტემას გააჩნია კომპეტენციაც და ორგანიზებული მმართველობაც რომ ეს პრობლემები იქნეს გამოსწორებული“, - ამბობს ვოლსკი.
თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობისა და ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში მწვავე რიტორიკა ჰქონდა, თუმცა საკითხის საჯაროობა ახლა გადაწყვიტა.
მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ცენტრში არსებული მძიმე მდგომარეობა უფრო გამოჩნდა.