რამზან კადიროვისთვის სანქციების დაწესების საპასუხოდ ჩეჩნეთის სამუფტო სამმართველომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ სახელმწიფო დეპარტამენტი „ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა“.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასულიერო პირებმა ზუსტად იციან, თუ როგორ უჭერდნენ ეს ცრუ დემოკრატები მხარს ტერორისტებს, რომლებიც ჩეჩნეთის მიწაზე მოქმედებდნენ. ეს სანქციები ისლამისა და ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ არის დაწესებული. რამზან კადიროვმა და მამამისმა ჩეჩენი ხალხის უფლებები დაიცვეს, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ადამიანის საკონსტიტუციო უფლებების დაცვა აღადგინეს და ჩეჩნეთი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
20 ივლისს აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.
„ჩვენ სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზეა პასუხისმგებელი. სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს ძალადობის მუქარას ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მხრიდან ორ ჟურნალისტთან მიმართებაში, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციას აშუქებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები კადიროვის მეუღლესა და შვილებზეც გავრცელდება.