სანიკიძე:

სანიკიძე: "შენგელიას და ცსკა-ს თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო იქნება"

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძემ რუსულ მედიას თორნიკე შენგელიასა და მოსკოვის ცსკა-ს შესახებ ესაუბრა. ვიქტორი ფიქრობს, რომ ცსკა ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია, ხოლო შენგელია ევროპის საუკეთესო მე-4 ნომერი.

„თუ გადავხედავთ ცსკა-ს შემადგენლობას, შთამბეჭდავია. ახლა დიმიტრი იტუდისის განკარგულებაში ერთდროულად სამი მოთამაშეა, რომლებიც ევროლიგის გასულ სეზონში ყველაზე სასარგებლოდ 6 მოთამაშეში მოხვდნენ: მაიკ ჯეიმსი, ნიკოლა მილუტინოვი და თორნიკე შენგელია. პლიუს ბოლო „ოთხთა ფინალის“ MVP უილ კლაიბერნი. ვფიქრობ, რომ ისინი ახალ სეზონში ტრიუმფის მთავარი კანდიდატები არიან, თუმცა შეიძება ზოგიერთი კონკურენტი NBA-ს გამოცდილების კალათბურთელებით გაძლიერდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ თორნიკემ ბასკეთი დატოვა, სადაც დიდი დაფასება მოიპოვა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა, პოზიტიური ნოტით დაასრულა. უტიტულოდ ესპანეთის დატოვება მაინც გულში ხინჯად დარჩებოდა. ახლა მან ახალი გამოწვევა მიიღო, დარწმუნებული ვარ ეს იქნება სასარგებლო თანამშრომლობა. ცსკა-მ ევროპაში საუკეთესო 4 ნომერი დაიმატა, ხოლო შენგელიამ მიიღო შესაძლებლობა ევროლიგის მოსაგებად იბრძოლოს“, - თქვა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან დაახლოებით ორი კვირის წინ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.