ამერიკელი ჩოგბურთელი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სერენა უილიამსი და ოსკაროსანი მსახიობი ნატალი პორტმანი ქალთა საფეხბურთო კლუბს დააფუძნებენ. ამის შესახებ გამოცემა Bleacher Report-ი წერს.
აშშ-ის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NWSL) ინფორმაციით, 2022 წლიდან ჩემპიონატს ახალი კლუბი დაემატება, რომელიც ლოს-ანჯელესში იქნება ბაზირებული. სერენა უილიამსთან და ნატალი პორტმანთან ერთად კლუბის თანამფლობელები აშშ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები - მია ჰამი, ჯული ფაუდი და ები უომბახი იქნებიან.
NWSL 2012 წელს დაფუძნდა და ახლა ჩემპიონატში 9 კლუბი მონაწილეობს. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს მათ ლუისვილში ბაზირებული კლუბი დაემატება, სერენა უილიამსისა და ნატალი პორტმანის გუნდი კი ჩემპიონატის მე-11 მონაწილე იქნება.