თეა წულუკიანი:  აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპი, რომ შეიძლება, დღეს ერთ პარტიაში იყო და მერე სხვაგან წახვიდე

თეა წულუკიანი:  აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპი, რომ შეიძლება, დღეს ერთ პარტიაში იყო და მერე სხვაგან წახვიდე

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპი, რომ შეიძლება, დღეს ერთ პარტიაში იყო და მერე სხვაგან წახვიდე, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი და ახლავე შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ სანამ პოლიტიკაში ვარ და კიდევ ვაპირებ ყოფნას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ შიგნით ვხედავ ჩემ თავს. თუ ერთი პოლიტიკური ოჯახის ნაწილი ხდები, შეიძლება, ამ გუნდს დაშორდე, მაგრამ მაშინ სხვა საქმე უნდა იპოვო. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პრინციპი, რომ შეიძლება, დღეს ერთ პარტიაში იყო და მერე სხვაგან წახვიდე. მე ვიყავი ერთ პარტიაში. ეს იყო „თავისუფალი დემოკრატები“. ახლა არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ ვარ მათი მინისტრი. ჩვენი გუნდის წარმატებისთვის ვფიქრობ, გულწრფელად მიშრომია და მე მათ გვერდით ვხედავ თავს, რადგან თავის დროზე, როცა ტელევიზორი ჩავრთე და დავინახე ჩემივე პარტია, რომელიც ბრიფინგს ატარებდა, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი და თქვეს, ჩვენ „ქართული ოცნებიდან“ გავდივართო, მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ასე რომ, საკუთარ თავს ვხედავ ისევ „ქართულ ოცნებაში“, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. თუ სად, ამას სულ რამდენიმე თვე დასჭირდება და ყველა ერთად შევიტყობთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სად ხედავს საკუთარ თავს და სად იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არის მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი და რატომ არ მოხდა კვოტირების საკითხის გათვალისწინება მაჟორიტარულ ნაწილში, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კვოტირება სავალდებულო გახდა და ცესკო არც ერთი პარტიის საარჩევნო სიას არ დაარეგისტრირებს, თუ მასში ყოველი ოთხიდან ერთი მაინც არ იქნება განსხვავებული სქესის, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს პარლამენტის მაჟორიტარულ ნაწილს არ ეხება და ამიტომ, გუშინ ამის ვალდებულება არ იყო.

„ვალდებულება არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვალდებულების მიუხედავად შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქალი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო და იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტად იღიმოდა და ყველაზე მეტად იყო მოწადინებული, რომ ხვალვე გაიმარჯვოს არჩევნებში, რაც სახეზე ეტყობოდა“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა ვალდებულების შეტანა მაჟორიტარულ ნაწილში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ცოტა ირონიულად უყურებს.

„ვფიქრობ, არა უშავს, თუ კაცები უფრო მეტს იწვალებენ, ერთხელ მაინც, ვიდრე ქალები ვწვალობთ ხოლმე და ველზე იბრძოლებენ, რადგან მაჟორიტარული ოლქის მოგება ძალიან ძნელია“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ მამაკაცებმა პოლიტიკაში ქალების ჩართვაზე უნდა იფიქრონ.

„უნდა ვაიძულოთ კაცები, რომ იფიქრონ ქალებზე. პოლიტიკაში ვგულისხმობ, თორემ ისე, ქართველი კაცები ხშირად ფიქრობენ ქალებზე და ამ მხრივ, პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკაზე მიდგება, შემდეგ მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვთ ხოლმე. ეს სხვათა შორის, ყველა პარტიას ეხება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.