როდესაც მე 2009 წელს, როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა დავტოვე თანამდებობა და წავედი პოლიტიკაში, ჩემი მიზანი იყო ოს, რომ შევწინააღმდეგებოდი იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იხსენებს, რომ 2016 წელს ზუგდიდში კენჭს „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით იყრიდა და პირველ ტურში დამარცხდა, მაგრამ მაშინვე ხაზი გაუსვა იმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ის და მისი შტაბის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერდნენ მხარს.
„2016 წლის მერე მე რამდენიმე წლით ავიღე ტაიმ აუტი. 1,5 წლის განმავლობაში ვიყავი როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებში და მხოლოდ რამდენიმე ხანია დავბრუნდი აქტიურ პოლიტიკაში. და აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი და მიზანიც იყო ის, რომ დავპირისპირებოდი იმას, რასაც აკეთებდა და იმას, რასაც სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას. დიახ, მე ძალიან ზუსტად ვიცი და ზუსტად მაქვს წარმოდგენილი გუნდი, რომელშიც მე დღეს ვარ, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი ქარტეხილი მაქვს გამოვლილი და ძალიან ბევრი საარჩევნო კამპანია მაქვს გამოვლილი. ამ გუნდის მე მჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი რომ დავიხარჯოთ, უფრო მეტი ვიმუშაოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ. მაგრამ დიახ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შესაძლებლობა, რომელიც მისცემს ქვეყანას საშუალებას განვითარდეს და დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“, მისი დანაყოფების ან კიდევ სხვა მისი სატელიტების მიერ შემოთავაზებული გზა არის მცდარი და ნამდვილად არ წაადგება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი 2012 წლიდან არის. დღეს ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.