ივლისის ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს მორიგი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ლევანს აღნიშნულ დაპირისპირებაში ბრძოლის შანსი პრაქტიკულად არ მისცემია, რადგან მეტოქე შერკინებისთანავე დიდი ძალებით მიაწვა და მისი გადაყვანა დოჰიოს მიღმა მალევე მოახერხა.
თავის მხრივ ქართველი სუმოისტის მეტოქემ მოგებათა სერია გააგრძელა და მიმდინარე ტურნირზე ტამავაშისთან, კოტოშოჰოსთან, ტერუნოფუჯისთან და კოტონოვაკასთან ერთად 3 მოგებით ლიდერობს.
ჩვენებურთან ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა გაზარდა და 26 ორთაბრძოლიდან 12-ჯერ ტოჩიმ მოიგო, 14-ჯერ კი მიოგირიუმ.
ამრიგად, ლევანს 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7-ის მოგება მართებს.
ჩვენებურის მომევალი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც ზაფხულის ბაშოზე ტოჩის მსგავსად 1 მოგება და 2 მაარცხი აქვს, ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი კი ტოჩინოშინის სასარგებლოდ 4:2-ზეა.