„დეპორტივოსა“ და „ფუენლაბრადას“ შორის ესპანეთის სეგუნდადივიზიონის შეხვედრა კორონავირუსის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ reuters წერს.
თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, COVID 19 „ფუენლაბრადას“ 7 ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის 5 წარმომადგენელს დაუდასტურდა, რის გამოც თამაში ავტომატურად გადაიდო.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბოლო ტურის მატჩი იყო, მისმა გადატანამ სხვა გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს ორი კლუბი მათთან შედარებით ხელსაყრელ სიტუაციაში არიან, რადგან ყველა შედეგი ზუსტად ეცოდინებათ და მიზნის მიღწევა გაუადვილდებათ.
თუმცა, ლა კორუნიელებისთვის სხვა თამაშების შედეგს აზრი აღარ აქვს, რადგან მათმა კონკურენტებმა მოიგეს და „დეპორი“ მესამე დივიზიონში გავარდა. ყველა ინფიცირებული იზოლაციაში მოექცა, „დეპორტივო“ - „ფუენლაბრადას“ მატჩის გამართვის თარიღი კი უახლოეს მომავალში დადგინდება.