ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა

ივლისის ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-10 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და შეხვედრა იორიკირის ილეთით დათმო.

ორთაბრძოლა ტოჩიმ აქტიურად დაიწყო და რიგ მომენტებში მეტოქის დამარცხებაც შეეძლო, თუმცა, საბოლოოდ ბრაზილიელმა მავაშში ორივე ხელის ჩავლება მოახერხა და ჩვენებური დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-20 დაპირისპირება იყო, საიდანაც ტოჩის 12 შეხვედრა თავის სასარგებლოდ ჰქონდა დასრულებული, დღეს კი მე-8 მარცხი იგემა.

ლევანს მიმდინარე ბაშოზე 1 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ რეიტინგში დაწინაურდეს, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი ბალანსის განაღდება და მინიმუმ 7 ორთაბრძოლის მოგება მართება. მისი მომდევნო მეტოქე კი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელთანაც მოგება-წაგების ბალანსი 12:13-ზე აქვს.