სპეციალისტის ჰიპოთეზა - ყველა სიმპტომია, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში

სპეციალისტის ჰიპოთეზა - ყველა სიმპტომია, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.

მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღინიშნებოდეს.

"ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს. ჩქარი მდინარე იყო, როგორც მინიმუმ ზაჰესის დამბასთან უნდა ეპოვნათ. სიკვდილის წინ კრუნჩხვითი მდგომარეობა იყო", - ამბობს ჯიშკარიანი.

გიორგი შაქარაშვილის ზუსტი გარდაცვალების დრო არ წერია ექსპერტიზის პირველ დასკვნაში - სავარაუდოდ, ამას კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დაადგენს, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყრებს ვარაუდს, რომ  ახალგაზრდა ბიჭის სხეული წყალში 4 დღე არ ყოფილა, ცხედრის მდგომარეობაა. გარდაცვლილის სხეულზე არ შეინიშნებოდა ძლიერი შეშუპება, არ მომხდარა ღია ჭრილობის მიდამოში კანის ქსოვილის დაზიანება - ცხედარი კი, რომელსაც მაშველები 20 ივნისის დილიდან ეძებდნენ, მეოთხე დღეს  ახლო მანძილზე აღმოაჩინეს.

ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც უკვე საჯაროდ იყო ცნობილი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ - ის ცოცხალი იყო და დამნაშავეებმა წყალში დანაშაულის დაფარვის მიზნით გადააგდეს.

წყალში გადაგდებამდე გიორგი შაქარაშვილმა, სავარაუდოდ, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, გარდა სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებებისა - ამაზე წყლიდან ამოყვანილ ცხედარზე ხელის მოხრილობა მიუთითებს, რასაც ძლიერი ტკივილი ან შოკური მდგომარეობა იწვევს. სავარაუდოდ, შოკური მდგომარეობა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა - ანუ გამოდის, რომ დამნაშავეებმა 19 წლის შაქარაშვილი წყალში ცოცხალი გადააგდეს და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.

ამ ვერსიას განიხილავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.