იაკობ ბრეგვაძის თქმით, შსს-მ მისი „ინსტაგრამის“ მიმოწერები ამოიღო

იაკობ ბრეგვაძის თქმით, შსს-მ მისი „ინსტაგრამის“ მიმოწერები ამოიღო

ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შსს-დან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ბრეგვაძე უწყებაში ადვოკატთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

იაკობ ბრეგვაძის თქმით, მას გამოძიებასთან ჰქონდა კითხვა, თუ რატო ცნეს ის დაზარალებულად. როგორც ბრეგვაძემ აღნიშნა, მან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღო. მისი თქმით, შსს-მ დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის გამო მიანიჭა.

ფოტოფრაფის განცხადებით, შსს-მ „ინსტაგრამის“ მიმოწერები ამოიღო.

იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ დაბადების დღეზე ფოტოები არ გადაუღია.

„მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

შსს-მ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარი და უკუკავშირი 7 ივლისს გაასაჯაროვა.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.