„ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები, ცდილობენ საკუთარი სცენარით, ფაქტების მაქსიმალურად დამახინჯებით, სასურველის რეალობად გასაღებით, საზოგადოებას დაანახონ სურათი, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზების დადგენა არის არა გამოძიების პრეროგატივა, არამედ მათ მიერ შეთავაზებული, ინტერპრეტირებული ვერსიის შესაბამისად მომხდარი რეალობა, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აკეთებს.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო მარათონზე მყოფი პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს ფაქტი გამოიყენონ და გირგვლიანის მკვლელობას დააკავშირონ. დეპუტატი მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ დაზარალებული ოჯახის ბულინგი და ომბუდსმენს დროულ რეაგირებას სთხოვს.
„პირდაპირ მოვუწოდებ, როგორც სახალხო დამცველს, რომელიც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება და დადგეს სწორედ დაჩაგრული და უფლებადარღვეული პირების უფლებების დასაცავად, ასევე მოვუწოდებ ამ ე.წ ტელევიზიებს, შეწყვიტონ ბულინგი, შეწყვიტონ Fake-ნიუსებით საზოგადოების მანიპულირების მცდელობა და გამოძიებას ადროვონ, დაწყებული რთული საგამოძიებო საქმე, იმისთვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და მეორე მხრივ, დაისაჯონ პირები, რომელთაც ბრალი მიუძღვით გიორგი შაქარაშვილის სიკვდილში", - ამბობს დავით მათიკაშვილი.