სამართალდამცავ სისტემას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული გიორგი შაქარაშვილის საქმე და კითხვები არ დარჩეს ოჯახსა და საზოგადოებას. მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„შაქარაშვილის საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია - არა მხოლოდ ცალკე აღებული კონკრეტული ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. სამართალდამცავ სისტემას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს ოჯახსა და საზოგადოებას. მერწმუნეთ, რომ ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე ამ საკითხის პოლიტიზებისთვის. გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროცესია დაწყებული, ამ საკითხის პოლიტიზება ხდება. ამ ქმედებების მორალურ შეფასებაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე და ვიმეორებ, რომ ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა და ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენი ზრუნვა ოჯახზე უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მდგომარეობას“, - განაცხადა პრემიერმა.
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.