„ქართული ოცნების“ კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, გიორგი შაქარაშვილის დედის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.
„რა პოლიტიკა, რა არჩევნები, რა სტანდარტი....დეზინფექცია არის ყველაზე პოპულარული სიტყვა თანამდროვე სამყაროში. პოლიტიკური დეზინფექციაა ჩასატარებელი. წარმოიდგინეთ დაზარალებული, შვილმკვდარი ადამიანი მიმართავს სახალხო დამცველს მედიას, საზოგადოებას, რომ დაგვიცავით. მკვლელებისგან, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში,ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებამ ისეთ მედიასთან, რომლისგანაც შვილმკვდარი ადამიანი დაცვას ითხოვს, არ უნდა ითანამშრომლოს.
„ვისგან დაცვას ითხოვს შვილმკვდარი დედა, ადამიანებისგან ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იჭერდა, კლავდა, აწამებდა, ხოცავდა და თავის პროფესიაში დარჩა. ისინი არიან უკიდურესად თანამიმდევრულები. მათ უბრალოდ აღარ შეუძლიათ ფიზიკურად, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ინსტრუმენტები ჩამოართვა და ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებენ . დარჩათ ძალადობის ავადმყოფური ვნება და დემოკრატიის ის სტანდარტი რაც ამ ქვეყანაში არის. მათ შეუძლიათ შეუფერხებლად იმაუწყებლონ თუ ამას მაუწყებლობა ჰქვია. მაგრამ არსებობს თვითრეგულაცია, საზოგადოება მორალს ქმნის პრეცედენტებით. ამას არ სჭირდება არც კანონი, არც პარლამენტი და არც არავის დაჭერა და არც არავის დახურვა. თუ ვართ საზოგადოება, თუ ვართ ადამიანები, რომლებიც ვართ მემკვიდრეები ვაჟასი, „ვეფხისტყაოსნის“ შეგვიძლია, რომ დაწერილი კანონის დარღვევით შევქმნათ მორალი. თუ ეს სისხლი გვაქვს, მაშინ შეგვიძლია, რომ ხელი არ ჩამოვართვათ, არ გადავრთოთ, არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან. ეს ხალხი არიან მკვლელები და მკვლელებთან თანამშრომლობა, მკვლელობის თანამონაწილეობაა. ამას არავინ არა გვავალდებულებს საკუთარი სინდისის გარდა, რომ არ ვითანამშრომლოთ მკვლელებთან“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
დღეს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.