არჩილ თალაკვაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კომპასი არეული აქვს

არჩილ თალაკვაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კომპასი არეული აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კომპასი არეული აქვს, ამიტომ მან ან მისმა გუნდმა პირველ რიგში ეს კომპასი უნდა გაასწორონ, ვინაიდან არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესში მოძრაობა არის ძალიან არაეფექტური და წამგებიანი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური კომპასი არეული აქვს, ამიტომ მან ან მისმა გუნდმა პირველ რიგში ეს კომპასი უნდა გაასწორონ. არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესში მოძრაობა არის ძალიან არაეფექტური და წამგებიანი. რაც შეეხება რუსულ საქმეს, სწორედ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე მიყიდვა. სწორედ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და მისი პასუხისმგებლობით მოხდა ქვეყანაში ყველა იმ დასავლური ინსტიტუტებისა და ღირებულებების მოშლა, რომლებზეც რეალურად ქვეყნის ეროვნული, პროდასავლური კურსი დგას. ეს იყო ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია - ღირებულებები, რომლებიც ფეხქვეშ იყო გათელილი. შესაბამისად, თუ ვინმე მოძრაობდა ხელგაშლილი რუსეთის მიმართულებით და რუსეთის ინტერესებს ატარებდა, ეს სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. ისინი სიტყვით აცხადებდნენ, რომ პროდასავლელები იყვნენ, საქმით კი აბსოლუტურად პრორუსები იყვნენ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განმტკიცება, საკუთრება და ბიზნესი დაცულია, მედია არის მრავალფეროვანი, ქვეყანას აქვს ახალი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუცია, არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური კონტროლი. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის კურსს და ჩვენი საგარეო ვექტორი არის შეუქცევადი. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატება ევროკავშირთან მიმართებაში და მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მისი შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.