მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე: პარადოქსია, თითქოს 49% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 56% ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე: პარადოქსია, თითქოს 49% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 56% ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

პარადოქსია, რომ 56% ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიების ხილვას ისურვებდა და ამ დროს ამავე კვლევის მიხედვით, 49% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და თურმე 56% ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პარადოქსია, რომ 56% ხელისუფლებაში ოპოზიციური პარტიების ხილვას ისურვებდა და ამ დროს ამავე კვლევის მიხედვით, 49% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და თურმე 56% ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს. 6-7%-იანი ტყუილი შემოგვთავაზეს, ზუსტად ამდენი პროცენტი დაგვაკლეს, ყველაზე კრიტიკული გათვლით. სპეკულაცია მდგომარეობს იმაში, რომ აქვეყნებენ ალოკაციის გარეშე ციფრებს, რომ ვიღაცას „ქართული ოცნების“ რეიტინგი 39% ეგონოს, და არ ინდობენ თავიანთ პარტიებს, სადაც რეალურად, ალოკაციით რაც აქვთ, იმაზე მეტი დაუწერეს. რაც „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაუწერეს, ეს არის მაქსიმუმი, რაც მათ ალოკაციით შეიძლება მიიღონ, ხოლო „ქართული ოცნების“ ციფრი ალოკაციის გარეშეა წარმოდგენილი. შეიძლება ეს ვინმესთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ გადავალ იმაზე, რაც ძალიან მარტივია. რეალურად, 6-7%-იანი ცდომილება ჰქონდათ საზოგადოების განწყობასთან. რაც შეეხება ლიდერების რეიტინგს, ჩვენს კვლევებშიც იყო სხვადასხვა პერიოდში ციფრები, როცა, მაგალითად, ჩვენი პარტიის რეიტინგია 58% და ჩვენი სამი ლიდერის - გახარიას, კალაძისა და ივანიშვილის რეიტინგები ამ მაჩვენებელს სცდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძესა და გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგები აქვთ, მაგრამ როცა კვლევაში ისეთი აცდენაა, რომ პარტიის რეიტინგია 39%, ლიდერის კი, დავუშვათ, 75%, ეს პარადოქსია. ნებისმიერი სოციოლოგი გეტყვით, რომ ორჯერ უფრო დიდი რეიტინგი გამორიცხულია. ამ კვლევაში კი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს აქვთ სამჯერ, ოთხჯერ, შვიდჯერ და ათჯერ უფრო მაღალი რეიტინგი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” - 39%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”- 5%, „ახალი საქართველო“ - 3%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.