კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს ხმამაღლა საუბარსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს ხმამაღლა საუბარსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღლა საუბარს და მათთვის სიმართლის თქმას და რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ საქართველომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, დაიცვას თავისი მოქალაქეები - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ირონიულია, როდესაც რუსეთი აკრიტიკებს საქართველოს ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით, სწორედ რუსეთი იყო მთავარი დაბრკოლება ამ მექანიზმის გააქტიურებაში.

„საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან. საქართველო ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უპასუხოს არსებულ ინციდენტებსა და გამოწვევებს“- აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარზე აშშ-ის რეაგირება გააკრიტიკა და 11 ივლისის მოვლენები აღწერა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს 33 წლის მოქალაქე ნახევრადავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი გადაკვეთა. და მას შემდეგ, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მისი დაკავება სცადეს, 10-მდე გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის შედეგად კი ის ფეხში მსუბუქად დაჭრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დაკითხვისას მან აღიარა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

Katana . მადლობა!.. მთავარია ხმამაღლა საუბარი, - განცხადებების ეფექტურობა ხომ ჰერცებში იზომება!
4 წლის უკან