რა გასაკვირია. უსამართლოდ, შეთითხნილი ბრალდებებით ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტი, მერამდენე წელია, იმყოფება თავისი სამშობლოს მიღმა და გნებავთ, დავარცხნილი სიტყვებით, ტკბილი და მოთაფლული ენით ისაუბროს?, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„სააკაშვილი რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს. შეუძლია, კიდევ უფრო მკაცრად თქვას. საქართველოში უნდა დასრულდეს რვაწლიანი დანაშაულებრივი, წარუმატებელი, პრორუსული ხელისუფლება. მის დასამთავრებლად ყველაფერი უნდა იღონოს ოპოზიციამ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მისი შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.