აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს ორგანიზაცია მსოფლიოს სჭირდება.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება აღნიშნულ განცხადებას და ამბობს, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში არის პანდემია, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ. ტიკარაძის თქმით, თუ რამდენად მოახერხა თითოეულმა ქვეყანამ დროული რეაგირება ჯანმოს რეკომენდაციებზე, რამდენად სერიოზულად აღიქვეს საფრთხეები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აანონსებდა ეს უკვე ქვეყნის გადაწყვეტილებაა.
გველის თუ არა კორონავირუსის მორიგი ტალღები, ამის შესახებ For.ge-ს ექიმი-ინფექციონისტი ქეთი მანაგაძე ესაუბრა.
კორონავირუსის შემთხვევები ამ დღეებში 9-მდე ავიდა და ბოლო 4 კვირის განმავლობაში შემოტანილი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო „ტრაილერის“ მძღოლები იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანია გამოვლენილი შემთხვევების წარმომავლობა, თუ შემოტანილი შემთხვევები დამშვიდების საფუძველს გვაძლევს?
- მართალია, რაოდენობრივად კორონავირუსის რაოდენობა გაიზარდა და აღარ გვყავს დღეში 2 ან 3 დაინფიცირებული, მაგრამ შემთხვევების სიმძიმიდან გამომდინარე, იმდენად მართვადია ეს ყველაფერი, რომ ჯერჯერობით შეშფოთების საფუძველი არ უნდა გვქონდეს. ჩვენი კორიფეებიდან გამომდინარე, რომელთაც უცბად აუღეს მდგომარეობას ალღო და შეიმუშავეს გზამკვლევი, გაიდლაინი, ვირუსის მართვა ინფექციონისტებისთვის უკვე ძალიან იოლია. ასე რომ, შემთხვევების რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ეს რაოდენობა ჯერჯერობით მართვადია და, თუ პაციენტებს ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, ბევრად იოლად გამოდიან მდგომარეობიდან. ჩვენი პაციენტები ბავშვებიც იყვნენ, ასაკოვნებიც, მაგრამ ჩვენგან გართულებების გარეშე გავიდნენ.
ხშირად გვესმის, რომ, ვინც ერთხელ გადაიტანა ეს დაავადება, შეიძლება განმეორებითაც შეხვდეს ვირუსი. შეიძლება მუტაცია განიცადოს ამ ვირუსმა და კვლავაც შეხვდეთ ადამიანებს? ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება მისი სიმძიმე?
- შემოდგომაზე ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული, ახალი ტალღა წამოვიდეს და მუტაცია განიცადოს ამ დაავადებამ. არაფრისგან არ ვართ დაზღვეულნი, რადგან დაავადების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
კორონასთან დაკავშირებით პოზიციები ორგვარია - ერთნი ამ ვირუსს შემოდგომაზე ელიან, მეორენი ფიქრობენ, რომ მსოფლიო დაძლევს ამ სენს.
- ჩვენ ამირან გამყრელიძისა და მისი სამსახურის მონაცემებს ვეყრდნობით, რომელთაც კოლოსალური გამოცდილება აქვთ. ისინი მეცნიერები არიან და ინფექციონისტები სწორებას ვაკეთებთ ამ სამსახურზე.
ენტონი ფაუჩის დავესესხები, ის ამბობს, არ გამიკვირდება, თუ ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 100 ათასს გადააჭარბებს. როგორც ამბობენ, ამერიკელთა დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ნიღაბსაც არ ატარებს, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია ამერიკაში შეიძლება უკონტროლო გახდეს. როგორ ფიქრობთ, დღემდე ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნიღბის ტარებას და დისტანციის დაცვას?
- რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, თუმცა გვქონია შემთხვევები, ეს დაავადება გადატანილი ჰქონიათ პაციენტებს აბსოლუტურად უსიმპტომოდ. როგორ შეგვხვდება ეს დაავადება, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ამიტომ ნიღაბი იქნება, თუ სოციალური დისტანციის დაცვა, ეს აუცილებელია.
„მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში საქართველოს შეყვანა რამდენად საფრთხილოა იმ მხრივ, რომ კორონას გადამტანი ტურისტები არ მოაწყდნენ საქართველოს და ეს არ იყოს მეორე ტალღის განმაპირობებელი? ეს სტატუსი რას მოგვიტანს?
- ტურისტების შემოსვლას ცოტა შიშით ვუყურებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა აქ დაცვითი მექანიზმი აუცილებლად ექნება სახელმწიფოს ჩართული. სახელმწიფოს იმიტომაც ვენდობი, რომ პრევენციული ღონისძიებები იმდენად საუკეთესოდ ჩაატარა საქართველომ და, შესაბამისად, შემდეგ მკურნალობა იმდენად სრულყოფილი იყო, რომ მივიღეთ ასეთი შედეგი, ანუ რამოდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც ასიათასობით შემთხვევაა ზოგიერთ ქვეყანაში.
ვაქცინის შექმნას არაერთი ქვეყანა ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. შემდეგი ტალღისთვის ვაქცინა მოესწრება?
- რაც შეეხება ვაქცინაციას, უძლიერესი ქვეყნები მუშაობენ ამაზე, მაგრამ, ალბათ, მალე ვაქცინა არ იქნება, შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, ერთი-ორი წელი მაინც, ამასობაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდინფექციასთან, სავარაუდოდ, ჩვენს პოპულაციაში ეს შესაძლებელია, რადგან ჯერჯერობით უფრო იოლად გადავიტანეთ ყველაფერი. სიმშვიდის უფლებას ეს არ გვაძლევს, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ტალღისთვის. როგორი ტალღა წამოვა, ეს არ ვიცით.
როგორ გგონიათ, სექტემბერში სწავლა ისევ დისტანციურად მოხდება?
- მე არ ვარ სწავლის გადადების მომხრე, რადგან უფრო მსუბუქად მიდის ეს ყველაფერი. უკვე ერთმანეთს მაინც ხვდება საზოგადოება, ასე თუ ისე, აღდგენილია შეკრებები და, ალბათ, სწავლა არ უნდა გადაიდოს, თუმცა კომპეტენტური ადამიანები გვირჩევენ, ღირს თუ არა სექტემბერში ბავშვების სკოლებში მიყვანა.
რამდენად „მომზადებული“ უნდა იყოს ადამიანი ამ ვირუსისთვის, რადგან არის კონკრეტული დაავადებები, რაც არ უნდა აწუხებდეს ადამიანს, მათ შორის, ფილტვების დაავადება.
- დაცული არასოდეს არაფრისგან არ ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, აუცილებლად კულტურულები უნდა ვიყოთ იმ გაგებით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ყურადღება მივაქციოთ, აბსოლუტურად, ფილტვებიდან დაწყებული, უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა ნებისმიერი სახის დაავადება. ახალი ვირუსების საუკუნეა 21-ე საუკუნე და ახალი რა წამოვა, არავინ არ იცის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, ექიმები და ინფექციონისტები მყავს მხედველობაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მედიკოსების გადამზადება.