„პრაქტიკულად მიღებული იყო გადაწყვეტილება თურქების გასახლებისა და კონსტანტინოპოლის საბერძნეთისთვის გადაცემის შესახებ“

„პრაქტიკულად მიღებული იყო გადაწყვეტილება თურქების გასახლებისა და კონსტანტინოპოლის საბერძნეთისთვის გადაცემის შესახებ“

„აია სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა გახდეს“, -  თურქეთის ნაციონალური გმირის, რეფორმატორისა და რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათათურქის ამ ნათქვამის მიუხედავად, ერდოღანი ამ ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს. ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს მერვე საოცრებად, ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოდ მიჩნეული აია სოფია იუნესკოს ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

რის მიღწევას ცდილობს ერდოღანი ამ გადაწყვეტილებით, ამის შესახებ for.ge - ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ერდოღანის თამამი გადაწყვეტილება, რომ თურქეთი არავის დაეკითხება აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების ესახებ რას ეფუძნება? ეს ნიშნავს, რომ თურქეთი უკვე აღარ არის სეკულარული სახელმწიფო, როგორც ამას ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი აღნიშნავს. ეს ათათურქის პრინციპებზე უარის თქმაა?

 - საქმე იმაშია, სანამ ერდოღანს კიდევ ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული იმედი, არც კი იფიქრებდა ასეთ რამეზე, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ერდოღანის ქმედება თურქეთში, ლიბიაში, მთლიანად აღმოსავლეთში, სულ უფრო მეტად იქცევა კრიტიკის ობიექტად ევროკავშირში, როგორც ჩანს, ერდოღანი დარწმუნდა, რომ მორჩა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფიქრი და, როგორც თურქული გაზეთები წერდნენ, ეს იდეა ბოსფორში ჩაიძირა, თურქეთი არასოდეს არ იქნება ევროკავშირის წევრი. აქ ერთიცაა, უბრალოდ, აია სოფია აღდგა მეჩეთად.

ათათურქამდე იყო აია სოფია მეჩეთად გადაკეთებული, ანუ 1453 წლიდან მოყოლებული, როცა ბიზანტიის იმპერია დაეცა.

- 900 წელი იყო მეჩეთად, შემდეგ 1934 წელს ათათურქმა გადააკეთა მუზეუმად და იმის მერე დღემდე მუზეუმი იყო. ახლა უნდათ აღადგინონ, როგორც მეჩეთი. ეს რელიგიურ ჭრილში დიდად არაფერს ცვლის, რადგან 2000-ზე მეტი მეჩეთია სტამბოლში. აია სოფიაში 100-200 მლოცველი თუ შევა შაბათ დღეს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, შარშან, მაგალითად, 4 მილიონი ტურისტი მიიღო აია სოფიამ. ეს ყველაფერი შემოსავალია, ფულია. იქ ქრისტიანული ფრესკებია, რომლებიც ათათურქის დროს აღდგა.

აია სოფიას ტაძრის მოზაიკებს ხის მასალით დაფარავენ თურქები.

 - ყოველ შემთხვევაში, ხით აჭედვა სჯობს ფრესკების სულ წაშლას და ჩამოფხეკვას. ხით აჭედვა ნიშნავს, რომ ფრესკა შენარჩუნდება. ერდოღანი, რომელიც 18 წელია მართავს თურქეთს, თანდათან კარგავს პოზიციებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანი იძულებული გახდა, დაეთმო ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის, 11-მილიონიანი სტამბოლის მერის თანამდებობა ოპოზიციისთვის. პირველი არჩევნები გააუქმა ერდოღანმა, მაგრამ მეორე დამატებით არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენელმა კიდევ უფრო მეტი ხმა მიიღო.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ერდოღანს ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივება სურს საკუთარ მოსახლეობაში და ამიტომაც ქრისტიანების ძლევის სიმბოლო - კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და აია სოფიას ხელში ჩაგდების თემა ხელახლა გადაათამაშა?

- რასაკვირველია, ერდოღანს ამით სურს, განიმტკიცოს ისლამისტების მხარდაჭერა, მაგრამ თურქეთში კორონავირუსის პრობლემაა. ამავე დროს, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო გულგრილია აია სოფიასადმი, ვიდრე თავისი ეკონომიკური მდგომარეობისადმი, თურქეთში საშინელ დონეს მიაღწია უმუშევრობამ, ამას ემატება, რომ ერდოღანი სულ უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა. რამდენად საიმედოა რუსეთის მხარდაჭერა? მხოლოდ პუტინმა შეიკავა თავი, რუსეთის დუმამ დაგმო აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის ფაქტი, რუსეთის ეკლესიამ თავისთავად დაგმო ეს ფაქტი, ცხადია, რუსი მრევლიც გმობს ამ ამბავს, მხოლოდ პუტინი, გეოსტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, თავს იკავებს შეფასებისგან, ვინაიდან დღეს პუტინს ერდოღანი მოკავშირედ სჭირდება, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ერდოღანი იყოს მხოლოდ პუტინის იმედად? გაძლიერდა თურქეთის იზოლაცია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალში პრაქტიკულად უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება თურქების გასახლებისა და რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ კონსტანტინოპოლის საბერძნეთისთვის გადაცემის შესახებ. ბოლშევიკებს გადატრიალება რომ არ მოეხდინათ, კონსტანტინოპოლი რუსეთის საკუთრება იქნებოდა. ეს უკვე შეთანხმებული იყო. რას იგებს ერდოღანი ამით? დროებით საკუთარ ისლამისტებში ცოტა ხნით რეიტინგს გაზრდის? მაგრამ, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა მოდის, როგორ გადაიტანს ამას იზოლაციაში მყოფი თურქეთი? ისედაც დღეს კამათობენ, ვაქცინას რომ შექმნიან, ვის მიაწვდიან პირველ რიგში და ვის მეორე და მესამე რიგში? თურქეთი თუ რიგში ჩააყენეს, მას სულ ბოლო რიგი მოუწევს. ყველაფერი ეს ერთად აღებული იმის მაჩვენებელია, რომ ერდოღანმა თითქოს შური იძია დასავლეთზე.

ერდოღანის ბოლოდროინდელი ნაბიჯები - პუტინთან ფლირტი, განცხადებები ოსმალთა იმპერიის აღდგენის თაობაზე, გადმოსწვდა ჩვენს ტერიტორიას, ახსენა ბათუმიც, რომელიც „არაფრით განსხვავდება რიზესგან“, შეიძლება, ეს ყველაფერი შურისძიება იყოს ევროკავშირში არგაწევრიანების გამო?

 - ძირითადად მისთვის მაინც მთავარი იყო ევროკავშირში გაწევრიანების პრობლემა. 18 წლის წინ ერდოღანი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. რეტროსპექტივში რომ განვიხილოთ, 18 წლის წინ თითქოს ერდოღანს რეალური შანსი ჰქონდა, თურქეთი გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და უკვე თარიღიც კი იყო დადგენილი, მოლაპარაკებები როდის უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემდეგ გაჭიანურდა და ნელ-ნელა ეს იდეა ჩაკვდა.

ევროკავშირის ძიებაში ნატოსაც ხომ არ დაკარგავს თურქეთი?

- თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ თვითონ პირველი წყალგამყოფი თურქეთსა და ნატოს შორის იყო S-400, ანუ რუსეთის რაკეტები რომ შეიძინა თურქეთმა, მიუხედავად ამერიკის გაფრთხილებისა. თურქეთი ვერ გამოვა ნატოდან, რადგან 48 წლის შემდეგ თურქეთის მთელი სამხედრო მრეწველობა, ინფრასტრუქტურა ისე ღრმად არის ინტეგრირებული ნატოს სტანდარტებთან, რომ მაშინ თურქეთს შეიძლება ხელახლა ნულიდან მოუხდეს თავისი სამხედრო მრეწველობის და ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც დღეს უკვე თურქეთს აღარ შეუძლია. ოქროს წლები, რომელიც ერდოღანს ჰქონდა (ეკონომიკური აღორძინება, ბევრი ფული, სამუშაო ადგილები, უმუშევრობა), ეს დაპირებები თითქმის განულდა, წარსულს ჩაბარდა, თანაც, რუსეთ-თურქეთის კავშირი არაორგანულია. ისტორიას თავისი კანონები აქვს, რამდენი ომი იყო რუსეთსა და თურქეთს შორის, ეს იმპერატორების და სულთნების კაპრიზი იყო? ამ ომებს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, ეს მიზეზები არსად წასულა. იმავე სირიაში თურქეთსა და რუსეთს შორის სერიოზული წინააღმდეგობაა, ასადი თურქებს ვერ იტანს, თურქებიც ასადს ვერ იტანენ, ამ დროს ასადი პუტინის მოკავშირეა და პუტინისთვის ასადი დასაყრდენია.

რატომ უნდა გადასცემოდა რუსეთს კონსტანტინოპოლი? აია სოფია ქრისტიანთა დიდი ტაძარი იყო მანამ, სანამ რომში პეტრეს ტაძარი აშენდებოდა, ამდენად, არ ჯობდა, სხვა მართლმადიდებლებს ეზრუნათ კონსტანტინოპოლზე?

 - როდესაც ანტანტა შეიქმნა, დაწყებული 1907 წლიდან, შემდეგ უკვე 1917 წელს, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ რუსეთში გადატრიალება ხდებოდა, მაშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობებმა, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კონსტანტინოპოლით მიიღებდა რუსეთი. რუსეთისთვის ეს ძველი იდეაა, შემთხვევითი ხომ არ იყო, როდესაც ეკატერინე მეორემ, ამ არარუსმა ადამიანმა, გარუსებულმა გერმანელმა თავის შვილიშვილებიდან ერთს ალექსანდრე დაარქვა, ალექსანდრეპოლის ანალოგიით, შვილიშვილებს სახელები ისე დაარქვა, რომ ერთი შვილიშვილი იმპერატორი უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლში, მეორე კი აღმოსავლეთში. როდესაც ბოლშევიკების ტერორი დაიწყო რუსეთში და გაწითლდა რუსეთი, უკვე საბერძნეთისთვის უნდა გადაეცათ კონსტანტინოპოლი, მაგრამ ისტორიაში დეტალებია მნიშვნელოვანი, საბერძნეთის ახალგაზრდა მეფე ბაღში მაიმუნს - მაკაკას ეთამაშებოდა, უკბინა მაიმუნმა და მოკვდა, მისმა მამამ, ასევე, მეფემ, რომელიც პროგერმანელი იყო, უკვე აღარ ისურვა ძველი სურვილების განხორციელება. თანაც თურქეთში მოხდა გადატრიალება, ათათურქი მოვიდა სათავეში და დაიწყო რეფორმები, გაყარა სულთანი და მისი კამარილია. ამასობაში საფრანგეთში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სოციალისტები - მილეირანი. ყველაფერი გადაწყვიტა ფრანგი ბანკირების პროტესტმა, ფრანგ ბანკირებს ჰქონდათ რკინისებური არგუმენტი, რადგან პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იმიტომ, რომ რუსეთი მიემხრო საფრანგეთს, ფრანგი ბანკირები მილიარდიან კრედიტებს აძლევდნენ რუსეთს სახელმწიფოს გარანტიით, რაც მათ დაკარგეს. ამის შემდეგ უკვე სულთანს აძლევდნენ კრედიტებს, ბოლოს ფრანგმა ბანკირებმა თქვეს, კარგით რა, ნამუსი არ გაქვთ, ერთხელ თქვენს გამო დავკარგეთ ამოდენა ფული, ახლა მეორედ გვიკარგავთ კიდევ ფულს? კონსტანტინოპოლი რომ საბერძნეთს მივცეთ, ამ ფულს ვინ გადაგვიხდის, თუკი თურქები აზიაში გავყარეთ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, თურქები აზიაში უნდა წასულიყვნენ, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ამაზე ძალიან ბევრს წერს ინგლისის მაშინდელი პრემიერი ლოიდ ჯორჯი თავის მემუარებში. ის წერს, თურქები ვერასოდეს ვერ გახდნენ ევროპელები და თურქები ყოველთვის იყვნენ ომის, ნგრევისა და უბედურების მიზეზნი ევროპაში. ამიტომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული და მიღებული იყო, მაგრამ შემდეგ რეალობა შეიცვალა, რუსეთში მოხდა გადატრიალება, ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ლენინმა ათათურქთან კავშირი შეკრა, დახმარებას უწევდა მას. დღეს აია სოფიას გამო რომის პაპი სინანულს გამოთქვამს. თუმცა ერდოღანმა ყველას ურჩია, პატივი სცენ თურქეთის კანონებს, ამით ერდოღანმა თითქოს დაუმტკიცა თავის ხალხს, რომ თურქეთი სუვერენული სახელმწიფოა და მას შეუძლია, არავის გაუწიოს ანგარიში, ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

ღირსი პაისი მთაწმინდელის ნათქვამია, თურქეთი მაშინ დაიღუპება, როცა აია სოფიას მეჩეთად გადააქცევენო.

 - 900 წელი იყო მეჩეთად გადაქცეული აია სოფია და თურქებს იმდენი ჭკუა ჰყოფნიდათ, რომ მთლიანად არ გაენადგურებინათ ფრესკები და მოზაიკები, მაინც სიმბოლურად შემორჩა ეს ყველაფერი და შემდეგ ათათურქმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ აია სოფიას უბრუნებდა კაცობრიობას. აია სოფია მართლაც უნიკალური მეხუთე საუკუნის ძეგლი, არქიტექტურული შედევრია.

 

 

 

 

Katana . ამიტომ ვიძახი მაგათზე: მავნებელი ერი!
4 წლის უკან
ლევკოთეა ეს კაცი რანდენი წლისაა?
4 წლის უკან