გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს იმ სოციალური ჯგუფების სიის გადახედვა დაავალა, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე წლის ბოლომდე იქნება შესამჩნევი, ამიტომ სახელმწიფომ გარკვეული ჯგუფების დასახმარებლად დამატებითი რესურსი უნდა მოიძიოს.
„კიდევ ერთხელ ვნახოთ მიზნობრიობის სახით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, იმისთვის რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, იმისთვის რომ ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური დახმარების პაკეტი დღეისთვის უკვე 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო.