„იუვენტუსი“ ალბათ ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს, მაურიციო სარი კი პირველს, ალბათ მაინც მოიგებენ, მაგრამ ვაი ასეთ მოგებას. ტურინული გრანდი საკუთარ თავს არ გავს, არ გავს მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ რაც ბოლო სამ მატჩში მოხდა, კლუბის ამბიციურ ხელმძღვანელობას საკუთარ შეცდომებზე უნდა მიანიშნებდეს.
შეცდომები „იუვენტუსის“ სათავეში ბევრი დაუშვეს, შემადგენლობის დაკომპლექტებიდან დაწყებული, მთავარი მწვრთნელის შერჩევით დასრულებული. „იუვემ“ ბოლო სამ მატჩში 9 გოლი გაუშვა - ძნელია გაიხსენო, მსგავსი ლაფსუსი ბოლოს როდის დაემართა, ყოველშემთხვევაში, ამ ეპოქაში, როცა სკუდეტოს სკუდეტოზე იგებდა, ნამდვილად არა.
ორი ტურის წინ „იუვენტუსი“ „მილანთან“ 2:0 დაწინაურდა და მერე იმდენი ჰქნა, ჯერ 5 წუთში სამი გოლი გაუშვა და ბოლოს 2:4 წააგო. ამას მოჰყვა უღიმღამო, გამართლების ხარჯზე ფრე შინ „ატალანტასთან“ და ახლა „სასუოლოსთან“ – 3:3.
„მილანთან“ მატჩის სცენარს ძალიან ჰგავდა: „იუვენტუსი“ დანილოსა და იგუაინის გოლებით მე-12 წუთზე 2:0 დაწინაურდა და მერე კატასტროფა! მეორე ტაიმის სამწუთიან ინტერვალში ტურინელებმა ორი გოლი გაუშვეს და ვინაიდან მანამდე პირველ ტაიმშიც გაუშვეს, ანგარიშში ჩამორჩნენ - 2:3. მაურიციო სარის გუნდი მორიგი წაგების წინაშე დადგა, მაგრამ ალექს სანდრომ გაათანაბრა. ეს 64-ე წუთზე, კიდევ ბევრი დრო ჰქონდა „იუვენტუსს“, მაგრამ მისთვის ჯობდა პირიქით ყოფილიყო, რადგან იმ 25 წუთში ვოიცეხ შჩესნის გმირობები რომ არა, აუცილებლად დამარცხდებოდა.
„იუვენტუსი“ ლიდერია, ლიდერია 77 ქულით და უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 7 ქულით უსწრებს. წინ მხოლოდ 5 ტურია დარჩენილი. ამის მიუხედავად, ბერგამოელთა ფორმას და ამის ფონზე ტურინელთა უსუსურობას გავითვალისწინებთ, ნურაფერს გამოვრიცხავთ. ჰო, დღეს ტურის დასკვნით მატჩში „ინტერი“ თუ მოიგებს, ის გადავა მეორე ადგილზე და „იუვეს“ 6 ქულამდე მიუახლოვდება. და, „ლაციო“? „ბებერ ქალბატონს“ აქაც გაუმართლა, 8 ქულით უსწრებს. სიმონე ინძაგის გუნდმა ბოლო 4 ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა, თორემ ახლა ლიდერი თავად იქნებოდა. მოკლედ, „იუვენტუსი“ კატასტროფაშია, მაგრამ ლიდერია - უცნაურია. ფაქტია, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე სათვალავში უკვე აღარავინ აგდებს, ეს სეზონმა ნათლად გამოაჩინა და არაა გამორიცხული უთამაშებელ „ლიონთან“ დიდ პრობლემებს გადააწყდეს.
სანამ „იუვენტუსი“ წვალობს, ფეხბურთის გარდა ყველაფერს თამაშობს, იქამდე „მილანი“ გარდაიქმნა და ისევ მოიგო, ამჯერად „პარმასთან“. „როსონერიმ“ ბოლო 7 მატჩში ზედიზედ მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა და ასეთი სერია 2009 წლის მერე პირველად აქვს. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ „მილანმა“ გვიან გაიღვიძა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ამ სეზონში ვეღარ მოხვდება და მაქსიმუმი მხოლოდ მეხუთე ადგილი თუ იქნება, რომლისთვის „რომას“ და „ნაპოლის“ ეცილება.