საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია.
ვაშინგტონის ტურნირი პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ATP-ს მიერ ორგანიზებული პირველი შეჯიბრი იქნება.
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელსაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია, წინასწარ განაცხადში მოხვდა და თუკი არაფერი შეიცვალა, აშშ-ის დედაქალაქში დაგეგმილ ტურნირზე ითამაშებს.
Citi Open 2020 14-21 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილოებას 48 ჩოგბურთელი მიიღებს. 38 მოთამაშე, მათ შორის ბასილაშვილი, ძირითად ბადეში იქნება, 4-ს „უაილდ ქარდს” მისცემენ, კიდევ 6 ჩოგბურთელის ვინაობა კი საკვალიფიკაციო მატჩებით გაირკვევა.
ვაშინგტონის ტურნირზე კლასიფიკაციის მოწინავე ათეულიდან დანიილ მედვედევი (რუსეთი, მე-5), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი, მე-6) და ბელგიელი დავიდ გოფინი (ბელგია, მე-10) ითამაშებენ. იქვე ვიხილავთ რობერტო ბაუტისტა აგუტს (ესპანეთი), დიეგო შვარცმანს (არგენტინა), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი), დენის შაპოვალოვს (კანადა), ფელიქს ოჟიე-ალიასიმს (კანადა) ჯონ ისნერსა (აშშ) და სხვებს.
ბასილაშვილს Citi Open-ზე გასულ წელს არ უთამაშია, მოქმედი ჩემპიონი კი ავსტრალიელი ნიკ კირიოსია, რომელმაც ფინალში მედვედევი დაამარცხა.