რომან გოცირიძე: „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება

რომან გოცირიძე: „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება

„ნაციონალური მოძრაობა” არის „ძალა ერთობაშიას” ლიდერი და რეალურად მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. არსად „ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს გასვლას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პოლიტიკური გაერთიანებიდან მათი გასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ „ძალა ერთობაშია” იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება. შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”. შეუძლებელია „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. „ძალა ერთობაშია” არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობით შენარჩუნება. ასე რომ გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

არსებობდა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ კოალიციის სახით უნდა გასულიყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობი“ წევრებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

არსებული ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიას“ აქვს მემორანდუმი, რომელსაც ხელს 10 პოლიტიკური პარტიის პირველი პირი აწერს, სადაც მხარეები თანხმდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ძალა ერთობაშია“ კოალიციური ფორმით უნდა წარდგეს, თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანამოაზრეებს მოსაფიქრებლად დრო სთხოვა და არ მივიდა იმ შეხვედრაზე, რომელიც კოალიციის წევრებს შორის შედგა.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იქნება. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში, გიორგი ვაშაძე - ისანში, ლევან ხაბეიშვილი - სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.