სოფო კილაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს

სოფო კილაძე: „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს

როდესაც არის წინასაარჩევნო პერიოდი, „ქართული ოცნების“ გუნდს არ უნდა, რომ მედიასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას განიხილავენ.

„იმიტომ გვაქვს ჩვენ სამი მოსმენა, რომ თუ რამე პრობლემური საკითხი იქნება, სამი მოსმენის ფარგლებში დავამუშაოთ და საბოლოო ჯამში ისეთ კანონპროექტს ვუყაროთ კენჭი, რომელიც იქნება მაქსიმალურად დახვეწილი. ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა იმისთვის, რომ დახვეწილი სახით იყოს წარმოდგენილი. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურად გამართული კანონპროექტი, რომელიც არ დატოვებს არც ერთ კითხვის ნიშანს და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტზე იმუშავა. წინა საარჩევნო პერიოდში არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მედიაში მედიათავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა და საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება 46-ე პრიმა მუხლი.

ამ მუხლის თანახმად, შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს. დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.