ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური, რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენა და განაცხადა, რომ როდესაც ოპოზიცია მორალურობაზე დაიწყებს საუბარს, პასუხს ყოველთვის მიიღებს.

„გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენი კოლეგები ჩვენ გვედავებიან, თითქოს რეპუტაციას ვულახავთ პარლამენტს და რეპუტაცია რომ შეულახეთ მაშინ, როდესაც აქ სითხე მოასხით, ჯგუფურად რომ განახორციელეთ აქ ყველაზე ამორალური და ამაზრზენი საქციელი და ელემენტარული ბოდიშიც არ მოგიხდიათ იმ პარლამენტის თანამშრომლებისთვის და კოლეგებისთვის, რომლებიც მოიწამლნენ, ამაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა? რომელ მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ? ჩვენი ერთ-ერთი ოპოზიციონერი კოლეგა იყო მეგაფონით რომ დარბოდა აქ და საბჭოთა ჰიმნს აჟღერებდით. თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს. არ ვიცი, შეიძლება ნოსტალგია გაქვთ რუსეთში გატარებული წლების და სწავლის, მაგრამ ეს შეინახეთ თქვენთვის, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. მორალურობაზე როდესაც საუბრობთ დაფიქრდით, იმიტომ, რომ პასუხს ყოველთვის მიიღებთ.

გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი თვე არ იყო გასული და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააინიცირა პროექტი იმისთვის, რომ ციხეში ერთი მუხლით მსჯავრდებულებს ჰქონოდათ ერთად ჰყოფნის უფლება და ასევე ის მუხლი, რომელიც მათთვის შეიძლებოდა წაყენებული ყოფილიყო, იყო მკაცრი, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და ეს პროექტი სასწრაფოდ 17 დღეში აქციეს კანონად. ხომ არ გაინტერესებთ ამის ინიციატორები ვინ იყვნენ ბატონებო - მაშინდელი იურიდიული კომიტეტი და მათი შემადგენლობა. გეტყვით: გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ლევან ბეჟაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვედავება პროცედურებზე, მორალურ სტანდარტზე და ა. შ. მე მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გონიერად მოეკიდება იმ შეზღუდვებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ იქნება დროებითი და ჩვენ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ ე. წ. მეორე ტალღის გადალახვას“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებები ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.