რა ცვლილებებია მოზარდებში და რატომ გახშირდა ტრაგიკული ფაქტები? ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა და მედია არ აშუქებდა, თუ გასულ საუკუნეში ნაკლებად აგრესიულები იყვნენ ადამიანები, 90-იანი წლების აგრესიის გამოკლებით?
ამის შესახებ for.ge- ს კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი ესაუბრა.
ქეთი დალინკევიჩი: ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, კონკრეტულად, ძალიან განვითარებულია ციფრული ტექნიკა, ვირტუალური სამყარო, გახშირებულია კომპიუტერზე დამოკიდებულება. ადრე ძალზე განსხვავებული დრო იყო. რაც შეეხება აგრესიულობას, კონკრეტულ მიზეზებს ვერავინ გეტყვით, რატომ არის რომელიმე ადამიანი, ან თუნდაც რომელიმე მოზარდი უფრო აგრესიული, თუმცა გარკვეული საკითხები მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორი განრიგი აქვს მოზარდს, რამდენად დაკავებულები, ან პირიქით, თავისუფლები არიან, ამ თავისუფალ დროს როგორ ატარებენ და როგორი აქტივობებით არიან დაკავებულნი.
კომპიუტერთან და ვირტუალურ სამყაროსთან ერთად გახშირებულია ისეთი თამაშები, რომლებიც, ასევე, აგრესიულია. ბავშვები და, საერთოდ, ადამიანები მოდელებს ვიღებთ კონკრეტული სიტუაციებიდან, ამიტომ ეს თამაშებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რადგან იქ მომხდარი სიუჟეტები, რითიც არიან დაკავებულნი ბავშვები და მოზარდები, რეალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, ზუსტად ისე არ ხდება, თუმცა შესაძლოა, რაღაც მოდელების გადმოტანა სცადონ.
ხშირად მშობლები აღნიშნავენ ჩემთან საუბრისას, რომ, როდესაც კომპიუტერს ან ტელეფონს უთიშავენ და სთხოვენ ბავშვებს, შეწყვიტონ თამაში, ისინი მეტად აგრესიულები ხდებიან, ანუ უჭირთ იმ სივრციდან გამოთიშვა და რეალურ სამყაროში გადმოსვლა. შეიძლება ესეც ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ, თუმცა აგრესიულობის გამომწვევი მიზეზები ძალიან კომპლექსური საკითხია.
შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ეს ბავშვები უფრო ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, ვიდრე რეალურში, განსხვავებით ადრინდელი თაობისგან?
- შეიძლება, ასეც ითქვას, თუმცა იმას ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად ყველასთვის ასეა. ბევრი სხვა საკითხიცაა - ჩაგვრა, ბულინგი, რომელიც უფრო მეტად გამძაფრებულია და შეიმჩნევა სკოლებში და არა მარტო სკოლებში. გარდა ამისა, შეიძლება იყოს ჩაგვრა არა მარტო კონკრეტული თვისებების ან კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით, არამედ ერთმანეთის დაჩაგვრა თუნდაც მატერიალური საგნების გამო. ეს კიდევ ცალკე საკითხია, რომელ ბავშვს რისი უფლებები აქვს, რამდენად შეიძლება ის იყოს პრივილეგირებული სხვებთან შედარებით. ეს ყველა ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს იმაზე, რომ ვიღაც უფრო მეტად აგრესიული გახდეს, ან პირიქით, აგრესიული არ გახდეს. ამ ყველაფრის განზოგადება სწორი არ იქნება, რადგან ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება სხვადასხვა მახასიათებლები იყოს, რაც გავლენას იქონიებს ამ ყველაფერზე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დეპრესიულობა უფრო დაბალი თვითშეფასების ადამიანებში ვლინდება, შეიძლება, რაღაცნაირად ბმა იყოს დეპრესიულობასა და აგრესიულობას შორის და ეს ორი სიმპტომი დავუკავშიროთ ერთმანეთს?
- შეიძლება, აგრესია და დეპრესია იყოს გადაჯაჭვული ერთმანეთთან, თუმცა, როდესაც ადამიანს, ბავშვს ან მოზარდს აქვს დეპრესია, მას არაფრის სურვილი არ უჩნდება, ის შეიძლება იყოს აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ, რადგან გაღიზიანებადობა ასეთ შემთხვევებში უფრო მომატებულია და, თუ ოჯახის წევრი რაღაცას ეტყვის ასეთ ადამიანს, ის შეიძლება მარტივად გაღიზიანდეს.
ალბათ, მარტო ოჯახის წევრების მიმართ არა, დეპრესიულ ადამიანს საკუთარი თავის მიმართაც უჩნდება აგრესია.
- საკუთარი თავის მიმართაც შეიძლება გაუჩნდეს აგრესია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დეპრესიული ადამიანი პირდაპირპროპორციულად აგრესიულია გარემოს მიმართ. ვისაც დეპრესია აქვს, მას ძირითადად გარეთ გასვლა არ უნდა, ამჯობინებს სახლში იყოს და კონტაქტი საერთოდ არ ჰქონდეს არავისთან. ეს უფრო მეტად მოზარდებს ეხება, ისინი სახლში ყოფნას ამჯობინებენ, ცდილობენ, სოციალური გარემო სრულიად შეავიწროვონ, ან გახშირებულია ისიც, რომ უფრო მეტად ვირტუალურად აქვთ ურთიერთობა. მოზარდები მეუბნებიან, ვიდეოთვალის ჩართვა არ მინდა, უბრალოდ, დაგელაპარაკებით, ზოგიერთს ლაპარაკიც არ უნდა და მესიჯის მოწერას ამჯობინებს. მათთვის ასეთი ყოფა უფრო კომფორტული გახდა, ვიდრე რეალური ურთიერთობა.
ეს არის ანჰედონია, ანუ 21- ე საუკუნის მენტალური დაავადება, როდესაც ადამიანს სიამოვნების განცდის უნარი არ აქვს? რამდენად ხშირია ეს დაავადება მოზარდებში?
- ხშირია ნამდვილად, დეპრესიის ეპიზოდები უფრო მეტად გახშირებულია მოზარდებში. ხშირად არის სუიციდური აზრები, ასევე, თვითდამაზიანებელი ქცევები, როდესაც მოზარდები საკუთარ თავს ზიანს აყენებენ. ანჰედონია ცოტა სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ, დეპრესია კი ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც ყველა ადამიანი თავის ცხოვრებაში რომელიმე ეტაპზე მაინც განიცდის. უბრალოდ, აქ ის არის მნიშვნელოვანი, რამდენად სწრაფად და ზუსტად ხდება ჩარევა, რამდენად ჩართულნი არიან ამაში ოჯახის წევრები.
მარტო ვერ დაძლევს ადამიანი ამ მდგომარეობას?
- მარტო დაძლევა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, როდესაც მოზარდის ან ბავშვის შემთხვევაა, რადგან მათთვის ეს უცხო მდგომარეობაა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, მათი პრობლემის გადაჭრის გზები შეიძლება არც თუ ისე ეფექტური იყოს, ან სტრატეგია შეიძლება არასწორად შეიმუშავონ. ამიტომ ზრდასრულის მხარდაჭერა და, რთულ შემთხვევებში, სპეციალისტის ჩარევა გადამწყვეტია.
დეპრესიულობისკენ მიდრეკილებას რამდენად განაპირობებს გენეტიკური ფაქტორი?
- გენეტიკას ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე სხვა წევრს აქვს დეპრესია, ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სირთულე, ეს ფაქტორები ზრდის იმის ალბათობას, ბავშვს და მოზარდს ჰქონდეს დეპრესია. მნიშვნელოვანია ზოგადი ცხოვრებისეული ფაქტორები, როგორიცაა ოჯახში როგორი დინამიკა და ურთიერთობებია ზრდასრულებს შორის, მშობლები როგორ ურთიერთობენ ბავშვებთან, აღზრდის სტილი როგორი აქვთ მშობლებს და როგორ ურთიერთობას ავლენენ თავის შვილებთან, ასევე, თანატოლებს როგორი ურთიერთობა აქვთ მოზარდთან, თავად მოზარდი როგორ ამყარებს ურთიერთობას მათთან. დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალო ტრავმებსაც კი, რომლებიც შეიძლება გადაიტანონ ახალგაზრდებმა, რადგან ცხოვრება დაუგეგმავია, წინასწარ არ ვიცით, რა შეიძლება შეგვემთხვას და უშუალო ტრავმები, ბუნებრივი კატასტროფები, ბევრი სხვა ფაქტორი გავლენას ახდენს იმაზე, ჩამოყალიბდება თუ არა დეპრესია.