ამერიკელმა მურა დათვმა ბრუნომ მდედრი დათვის ძიებაში 640 კილომეტრი გაიარა. ამის შესახებ გამოცემა Inside Edition-ი წერს.
მოგზაურმა დათვმა ყურადღება 10 მაისს მიიპყრო, როდესაც ვისკონსინის შტატის ქალაქ გილენჰემს გასცდა, სამხრეთის მიმართულებით გაემართა და მდინარე მისისიპი გადალახა. შემდეგი ორი თვის განმავლობაში ბრუნო აიოვის, ილინოისისა და მისურის შტატებში შენიშნეს. გასულ უქმეებზე ბრუნო სენტ-ლუისში ჩავიდა, სადაც ის მისურის ბუნების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიჭირეს.
ბრუნოს მოგზაურობას თვალყურს არა ერთი ადამიანი ადევნებდა, ის სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა.
ბიოლოგ ჯეფ კორვინის განცხადებით, ბრუნოს მოგზაურობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა მდედრის ძიება ყოფილიყო, თუმცა არაა გამორიცხული მიგრაციის სხვა მიზეზებიც.