ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს ჟანეტა არჩვაძეს საინტერესო და მდიდარი თეატრალური წარსული გააჩნია. ერთხელ ქალბატონმა ჟანეტამ მსახიობ გიორგი შავგულიძეზე ერთი სასაცილო ეპიზოდი გაიხსენა.
“საოცარი იუმორი ჰქონდა, განუმეორებელი სიხალისე და კოლორიტი შეჰქონდა ურთიერთობებში. ერთხელ იცით, რა გაუკეთა ელენე ყიფშიძეს?
სპექტაკლში არის ერთი ასეთი სცენა: მთაში ვართ, კარავში. რაღაც მომენტში გოგი გეგეჭკორი, მე და ლენა ვიწყებთ სიმღერას. ლენას ამ ეპიზოდისთვის სპეციალურად ჰქონდა მომზადებული გაჭრილი ვაშლი, რომელიც სიმღერის დაწყების წინ აუცილებლად უნდა ჩაეკბიჩა.
ერთხელაც, დაიწყო სცენა, ლენამ ჩაკბიჩა ვაშლი და უცებ ისეთი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. გავშრი, გავიხედე კულისებში და ვხედავ, ჟორა დგას და სიცილით კვდება, - თურმე, წიწაკა წაუსვა გაჭრილ ვაშლზე.
მსახიობებს უყვართ ერთმანეთისთვის ასეთი ეშმაკობების გაკეთება. მახსოვს სპექტაკლი შეჩერდა, ფარდა დახურეს და ლენა გონს რომ მოვიდა, თამაში მერე გავაგრძელეთ. ზუგდიდში მოხდა ეს ამბავი, იქ გვქონდა სპექტაკლი წაღებული”.