დოდო აფრასიძე: ჩემი შვილი შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს, მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრეს

დოდო აფრასიძე: ჩემი შვილი შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს, მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრეს

ჩემი მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც არაფერს აღიარებენ და ჩვენ გვადანაშაულებენ, პირველ რიგში, ესენი არიან გიორგი ბარამიძე და ყველა პირი, რომლებიც მაშინ იყვნენ სათავეში, - ამის შესახებ 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ განაცხადა, რომელიც ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვდება.

როგორც დოდო აფრასიძემ აღნიშნა, ჩატარებული სპეცოპერაცია იყო მიზანმიმართული თავდასხმა ოჯახზე.

„ჩემი შვილი ხელფეხშებორკილი გაიყვანეს სახლიდან, რის შემდეგაც შუა გზაში დააგდეს და დაცხრილეს. ჩემი ხელებაწეული მეუღლე აივანზე რომ გამოვიდა, ესროლეს, დაჭრეს სასიკვდილოდ. ჩვენს ოჯახში თუ რამ კარგი იყო, ყველაფერი გაზიდეს და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ჩემი მეუღლე ცოცხლად გადაწვეს. როცა ამბობენ, სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნესო, სად არის ის იარაღი, მოხვდა ვინმეს? ან ამოიღეს იარაღი საერთოდ?გამოსაყენებლად ვარგისი იარაღი ჩვენი ოჯახიდან არ ამოუღიათ. პირველ რიგში, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას, ყველაფერი უარყვეს, მაგრამ რომც არ აღიარონ, ფაქტი ხომ სახეზეა, ყველამ იცის, რა ჩაიდინეს ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემ შვილს თითზე ეკეთა ბეჭედი, რომ ვერ მოაძვრეს მიცვალებულს წააჭრეს თითი და ისე გამოაძვრეს ბეჭედი", - განაცხადა დოდო აფრასიძემ.