იმედი მაქვს და PACE-ს პრეზიდენტიც მოწადინებულია, რომ ექსტრემული ან რადიკალური მიდგომები, რაც სამწუხაროდ, აქვს ზოგიერთი დელეგაციას, რომელიც ქართველი ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა, იქნებ, ამის გამოსწორება იყოს შესაძლებელი, - განუცხადა უნგრეთში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
იგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტს თეოდოროს რუსოპულოს სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა. პაპუაშვილის თქმით, PACE-ს პრეზიდენტს აინტერესებდა, თუ რა შეიძლება იყოს ამ მხრივ შესაძლებლობა იმის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აღადგინოს თავისი მუშაობა PACE-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში
„შეხვედრა გვქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან - მისი თხოვნით. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ჩვენი დელეგაციის საკითხზე. გავიმეორე ის, რაც საჯაროდ მის მიმართ მიმართვის დროს აღვნიშნე, რომ ხალხის არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს. ამიტომ, ჩვენთვის იყო აბსოლუტური წითელი ხაზი, როდესაც PACE-ს რეზოლუციაში ვნახეთ მოწოდება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.
დემოკრატია დგას ხალხის არჩევანსა და ხალხის ნებაზე. რა თქმა უნდა, ხალხის ნებისა და არჩევანის უარყოფა არის მიუღებელი. ამავე დროს მე მადლიერი ვარ ბატონი პრეზიდენტის, რომელიც ზოგადად, ძალიან მოწადინებულია, რომ ყოველგვარი გარკვეული რადიკალური მიდგომები არ იყოს დაშვებული, მათ შორის, PACE-ს ფარგლებშიც. ამიტომაც, მას აინტერესებდა, თუ რა შეიძლება იყოს ამ მხრივ შესაძლებლობა იმის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აღადგინოს თავისი მუშაობა PACE-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ამ მხრივ ჩვენ კვლავ ნათელი პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ PACE-ს წევრებმა აღიარონ დემოკრატია, აღიარონ ხალხის ნება. სხვაგვარად, შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ როდესაც წევრების ნაწილი ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს, იქ შესაძლებელი იყოს სხვა საკითხებზე საუბარი.
ამიტომ, მე იმედი მაქვს და PACE-ს პრეზიდენტიც მოწადინებულია, რომ ექსტრემული ან რადიკალური მიდგომები, რაც სამწუხაროდ, აქვს ზოგიერთი დელეგაციას, რომელიც ქართველი ქართველი ხალხის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევა, იქნებ, ამის გამოსწორება იყოს შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.