დეკანოზი ილია ჭიღლაძე: გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა

საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე გორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეროვნულ ტრაგედიას უწოდებს.

როგორც დეკანოზი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ქვეყანაში კრიმინალური სამყარო გაძლიერდა.

„გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ეროვნული ტრაგედიაა და ამ ტრაგედიას აორკეცებს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების უსუსურობა-არაპროფესიონალიზმი, ან სულაც დანაშაულებრივი თანამონაწილეობა საქმეში, რაც ყოველდღიურად საცნაური ხდება ახალახალი ფაქტების გახმაურებით. სახეზეა სახელმწიფო სტრუქტურების უდიდესი ხრწნა, კრიმინალური სამყაროს გაძლიერება და საქართველოს სახელმწიფოს მიზანმიმართული ნგრევა პირადი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილების ხარჯზე.

იმედია, ოქტომბრის არჩევნები წერტილს დაუსვამს ოლიგარქიას, კრიმინალის აღზევებას და სახელმწიფოს ნგრევას, სხვა შემთხვევაში საქართველოს განუზომლად მეტი „შაქარაშვილები” და „სალარიძეები” ეყოლება”, – წერს დეკანოზი.

დეკანოზი ასევე გამოეხმაურა, გუშინ მცხეთაში მომხდარ ტრაგედიას, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა. მისი თქმით, ქვეყანაში მკვლელობები ყოველდღიურობად იქცა,რაც ავტორიტეტების კანონზე უფრო მაღლა დადგომამ გამოიწვია.

„ისედაც უკვე რამის ყოველდღე სადისტური მკვლელობები ხდება ამ პატარა ქვეყანაში, გუშინ ციხიდან 10 დღის გამოსულმა მკვლელობისთვის ნასამართლევმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა მცხეთაში. ამ ყველაფერს ხელს უწყობს სისხლის სამართლის კოდექსის ზედმეტი სირბილე მკვლელობის უმძიმეს და გამოუსწორებელ დანაშაულზე, სანქცირებული 7-15 წლიანი პატიმრობა განზრახ მკვლელობაზე ნამდვილად ჩალის ფასს ადებს ადამიანის სიცოცხლეს.

ღმერთმა ინებოს სიმართლის და კანონიერების დამყარება ამ ჩვენს გაძაღლებულ სამშობლოში, ამის დიდი იმედი მაქვს. უსამართლობის და დაუცველობის განცდა ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. ქართველი ხალხის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კანონმორჩილ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდით, სხვადასხვა ტიპის “ავტორიტეტები” უფრო მაღლა დგანან, ვიდრე კანონი, სამართალი, სიმართლე, პატიოსნება და სხვა ჭეშმარიტი ღვთაებრივი ღირებულებები”, – წერს სულიერო პირი.