სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის XXX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Goal Point ავრცელებს.
მაკარიძის გუნდმა პორტუგალიის ჩემპონატის 30-ე ტურში ფერეირას უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. სეტუბალი მატჩს 2-0 იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 ბურთი გაუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკარიძის გუნდმა წააგო, უცხოურმა გამოცემამ ქართველის თამაში დადებითად შეაფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. მას 10-ქულიან სისტემაში 7 ქულა დაუწერეს.
„მაკარიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა არ დამარცხებულიყო, ხუთი სეივი და სამი ეფექტური გამოსვლა“, - წერს გამოცემა.
მაკარიძეს მიმდინარე სეზონში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მისი გუნდი სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 30 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სამი ქულითაა დაშორებული.
„სეტუბალს“ 26 იანვრის შემდეგ ზედიზედ 12 მატჩია არ მოუგია (4 ფრე, 8 წაგება).