„ლივერპულის“ ყოფილმა მოთამაშემ, ხოსე ენრიკემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბს პლეიმეიკერი სჭირდება და კოუტინიოზე უკეთეს კანდიდატს ვერ იპოვნიან.
„ცხადია, რომ გუნდს პლეიმეიკერი სჭირდება - „ნაღდი ათიანი.“ ნუთუ ამ მხრივ კოუტინიოზე უკეთესი კანდიდატი არსებობს? მან იცის კლუბი, ქალაქი. მიჩვევაც არ დასჭირდება, პირდაპირ ჩაერთვება საქმეში იმიტომ, რომ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება გააჩნია.
ერთადერთი პრობლემა შეიძლება ბრაზილიელის ხელფასი იყოს. ვიცი, რომ მას ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს და არ მგონია, „ლივერპულის“ გულისთვის მის შემცირებას დათანხმდეს.
„ბარსელონაში“ მას მარცხნივ ათამაშებდნენ, ნეიმარის ადგილზე, მაგრამ კოუტინიო სხვანაირი ფეხბურთელია, მას ცენტრში გარჯა ურჩევნია.“ - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Sports Mole.