თორნიკე შენგელიას ახალი კლუბის ვინაობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა დაადასტურა, რომ მისი აგენტი მოსკოვის ცსკა-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და არც წინასწარი კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.
ამასთან, შენგელიამ უარყო მადრიდის „რეალის“ მხრიდან დაინტერესება და ისიც აღნიშნა, რომ მისთვის კონკრეტული წინადადებით არც იტალიის „მილანს“ მიუმართავს.
28 წლის კალათბურთელი, რომელიც გასულ სეზონში „ბასკონიას“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ამჟამად შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს და თავის მომავალ კლუბთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.