ფიფამ ლონდონის „არსენალი“ სატრანსფერო რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა. The Sun-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2018 წელს განხორციელებულ ჩუბა აკპომისა და ჟოელ კემპბელის ტრანსფერებს.
აკპომის „პაოკში“ გაშვებისას, ლონდონელებმა საბერძნეთის კლუბი დაავალდებულეს, რომ თუ ეს ფეხბურთელი მომავალში ინგლისის პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდოდა, აღებული თანხის 40 პროცენტს გადაუხდიდნენ, სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში კი 30-ს.
იგივე მეთოდიკით „არსენალმა“ კემპბელის „ფროსინონეში“ გაყიდვის დროსაც იხელმძღვანელა, რაც ფიფას წესდებით მიუღებელია.
ყოველივე ამისთვის „მეთოფეებს“ 34 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევთ და თუ მსგავსი რამ მომავალშიც განმეორდა, სასჯელი კიდევ უფრო მძიმე იქნება.