ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თამაშს 43 წლამდე აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
გამოცემას თავად იტალიური ფეხბურთის ლეგენდის სიტყვები მოჰყავს.
„ვაცნობიერებ, რომ მოტივაციის შემთხვევაში, პრობლემის გარეშე შემიძლია, ვითამაშო. მე აქ ვიქნები, ვიდრე მინიმუმ 43 წლის არ გავხდები, მაგრამ, მას შემდეგ რაც 40 წელი შემისრულდა, თვიდან თვემდე ვაკვირდები, რა შემიძლია.
სიტუაციაზე დაკვირვება მჭირდება და ყოველთვის მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკან დავიხიო. ვგულისხმობ, მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობას.
ერთხელ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ამ მომენტს მივაღწიე, განზე გავდგები, მაგრამ ვიდრე მოტივირებული ვარ, უმჯობესია, ვითამაშო, რადგან ისე არაფერი მაბედნიერებს, როგორც ფეხბურთის თამაში“, - განაცხადა ბუფონმა.
42 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა გუშინ პაულო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა.