რა დაგვანახა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ და დაიწყო თუ არა უბნებს შორის საქმის გარჩევები, როგორც ეს ცალკეულ ადამიანებს სურთ წარმოაჩინონ?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია შორს არის იმ აზრისგან, რომ 90-იან წლებში დავბრუნდით და უბნებს შორის საქმის გარჩევები დაიწყო.
მისი შეფასებით, ასეთი ტრაგედია შეიძლება ნებისმიერ საზოგადოებაში განხორციელდეს და ეს არის სოციუმის პრობლემა. ჩვენს სოციუმში არსებული ნეგატივი აისახება ახალგაზრდობაზე და სწორედ ასეთ სისასტიკეში ვლინდება.
„არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაინც დაველოდები ექსპერტიზის საბოლოო და პირველადი გამოძიების შედეგებს. ჯერჯერობით ოჯახის წევრებიც ერიდებიან ზედმეტის თქმას, მხოლოდ მარგინალური ტელევიზიები, „მთავარი არხი“ და სხვები სპეკულირებენ ამ თემით. ასეთი დაპირისპირება, მათ შორის, უბან-უბან დაპირისპირება ყოველთვის იყო, ჩვენს დროშიც, ჩვენი მამების პერიოდშიც. რაც შეეხება სისასტიკეს, ასეთი რამ დაუშვებელია, მაგრამ საქართველოში არანორმალური პოლიტიკური ტემპერატურაა, ფაქტობრივად, საინფორმაციო სამოქალაქო ომია, ასეთი ტერმინი შემოვიღე იმის დასახასიათებლად, ცალკეული ტელევიზიები რასაც აჩაღებენ. ბუნებრივია, ეს ძაბავს ადამიანის ფსიქოლოგიას, რაც მერე აისახება საზოგადოებრივ ქმედებაში“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია და მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმიდან უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები.
კერძოდ, განათლებაა შესაცვლელი, ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით რეფორმაა გასატარებელი. ვახტანგ მაისაია იმ პერიოდს იხსენებს, როცა შევარდნაძე მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, შექმნა ახაგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელშიც თავად დაიწყო მუშაობა მინისტრის მრჩევლად ამერიკა-ევროპის საკითხებში.
„აღნიშნულმა დეპარტამენტმა მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გააკეთა. სხვათა შორის, როცა იყო სისხლიანი დაპირისპირება უბნებს შორის, ამის დაძლევაშიც ჩვენმა დეპარტამენტმა, ჩვენმა მიდგომამ დიდი წვლილი შეიტანა. ამიტომ, როცა ასეთი სტრუქტურები სახელმწიფო უწყებების დონეზე არ არის და ახალგაზრდული პოლიტიკა დაიკარგა რადარებიდან, ასეთი შედეგიც არ აყოვნებს. სამინისტროში ჩაკარგულია ახალგაზრდული დეპარტამენტი მაშინ, როცა ცალკე უნდა იყოს ახალგაზრდული სამინისტრო, ახალგაზრდული დეპარტამენტი და კომიტეტი. პარლამენტშიც უნდა შეიქმნას ახალგაზრდული საქმეების კომიტეტი. სამი სტრუქტურა უნდა იყოს, რომელიც შეასრულებს თავის ფუნქციას. ამასთან, უნდა მოხდეს სპორტის პოპულარიზაცია. სპორტის არა კომერციალიზაცია, არამედ მასობრიობა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში დანა რომ დანაა, ისიც არ ჩამიდია ჯიბეში, არც პისტოლეტით დავდიოდი, არადა, მქონდა ამის უფლება. სპორტსმენი ვიყავი, ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრების წევრი, ოლეგ იაძე იყო ჩემი მწვრთვნელი და დიდ მადლობას გადავუხდი მას, რადგან პიროვნული თვისებები იმდენად ჩადო ჩემში, რომ ცხოვრებაში სიგარეტი არ მომიწევია, ნარკოტიკზე ზედმეტია საუბარი და 30 წლის შემდეგ პირველად გავსინჯე ღვინო“, - განმარტავს ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინებული და მკაცრია, რადგან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ხორავას ქუჩის ტრაგედიის სახით. მოსამართლეც, ეტყობა, გავლენის ქვეშ მოექცა და 17-ვე ბავშვი დააპატიმრა. არადა, იქ ძალიან ბევრი მოზარდი აბსოლუტურად არაკრიმინალური პიროვნება, წარმატებული სპორტსმენია.
ანალიტიკოსის შეფასებით, მოზარდებს შორის შეიძლება ჩხუბი მოხდეს, ახალგაზრდა ვინ არ ყოფილა, ამიტომ არავის უკვირს ახალგაზრდული ჩხუბი. უბრალოდ, ზოგჯერ ეს ძალიან მძიმე ტრაგედიით მთავრდება.
„ცნობილი „რომეო და ჯულიეტა“ რომ გავიხსენოთ, არაფრის გამო მოკლეს ჯერ მერკუციო და შემდეგ რომეოს შემოაკვდა ტიბალტი და მთელი უბედურება მოჰყვა ამას, დაპირისპირებული გვარები და მთელი ამბავი. აქაც ეგრეა, საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის დაიწყო ჩხუბი აბსოლუტურად უაზროდ. არ არის ეს ასე, რომ ეს უბნებს შორის დაპირისპირებაა. უბნებს შორის გაუგებრობა არ იქნება, გოგოს გამო იქნება, ეს მხოლოდ საბაბია, ეს არის ახალგაზრდული თავგამოდება, ჟინი. ამაში რაღაც დადებითიც არის, „სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია“, მაგრამ რკინის ხელკეტებით, დაუნდობლობით „ვაჟკაცობის“ გამოჩენა გაუმართლებელია. ჩხუბი ცხოვრებიდან ვერ გაქრება. ვინც იჩხუბა, თუ მძიმე შედეგი არ დადგა, ყველა კრიმინალი და დამნაშავე არ არის. ამით სააკაშვილს ვაჯობოთ? ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა და ხელი არ აგიკანკალდეთ? სიმკაცრეს ახლა იმიტომ იჩენენ, რომ ვინმე არ დაგვისხლტეს, მკვლელი არ გაგვექცესო“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, აქ საინტერესოა ცალკეული ანალიტიკოსების განწყობა, ყველა სპორტსმენი უნდა დისკვალიფიცირდეს, ვინც ამაში მონაწილეობდაო - „ეს უკანონობა და უზნეობაა“ - ამბობს ანალიტიკოსი. უკანონოა იმიტომ, რომ გარდა კანონის სასჯელისა, სპორტსმენს კიდევ დამატებითი ბარიერები არ უნდა შევუქმნათ, ცხოვრება არ უნდა დავუნგრიოთ. თუ მოიხდის სასჯელს, კარიერის აკრძალვა როგორღა შეიძლება? პირიქით, პატიმარი უნდა დაიბრუნოს საზოგადოებამ და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საშუალება მისცეს, არ უნდა გარიყოს.
„შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია დაკავშირებულია ჩხუბის გაგრძელებასთან, ვიღაც გაილახა, მერე „აბაროტის“ ასაღებად იმ ვიღაცამ თავისი ძმაკაცები მიიყვანა. აგრესიულობა ახალი არ არის, ეს თაობა უფრო წესრიგს მიუჩვეველია, ვიდრე ჩვენი თაობა. მაშინ ტოტალიტარული სახელმწიფო იყო და წესრიგის დარღვევა ასე მარტივად არ ხდებოდა, ახლა იოლია ამის გაკეთება. ჩვენ გამოვიარეთ 90-იანები, როცა ადამიანის სიცოცხლემ ღირებულება დაკარგა. დღეს ყველაზე სასაცილო ისაა, ვინც რურუას გათავისუფლებას ითხოვს, ისინი არიან ნულოვანი ტოლერანტები. ჩემთვის რურუა კრიმინალის სიმბოლოა, თორაძეების მკვლელობა იყო ტერორი, როგორც ვეფხვაძისა და სვანიძის სიკვდილი. ამ ტერორისტული აქტის მიზანი საზოგადოების დაშინება და ამ დაშინების გზით გაბატონება იყო. სწორედ ეგ ხალხი ითხოვს, სასტიკად დასაჯონ შაქარაშვილის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. შე დალოცვილო, რურუა გინდა, ციხიდან გამოუშვა, ასეთი გულმოწყალე ხარ, რომ პასუხი არ უნდა აგოს დიდი ხნის წინ ჩადენილ დანაშაულზე და ასეთ სისასტიკეს ითხოვ მოზარდების მიმართ? სამუდამო დისკვალიფიკაცია როგორ შეიძლება? სჯობს, დამნაშავე დაგრჩეს დაუსჯელი, ვიდრე უდანაშაულო დასაჯო. 17-დან ყველა დამნაშავე როგორ არის?“- ინტერესდება დავით ზარდიაშვილი.