ექსტრადაცია გერმანიიდან – როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად

ექსტრადაცია გერმანიიდან – როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად

წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და სხვა მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ შეფს ბერლინიდან თბილისში დღეს ჩამოიყვანენ.

„პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო რა სკანდალურ საქმეებში ფიგურირებს ჭაკუას გვარი, თუმცა მანამდე ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა ქვეყანა 2012 წლის არჩევნების შემდეგ.

სასჯელაღსრულების სისტემაში დავით ჭაკუა სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოჩნდა. ეს იყო 2005 წლის დეკემბერი, როდესაც სისტემა ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა.

მანამდე დავით ჭაკუა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს რიგითი თანამშრომელი გახლდათ. ცნობილია, რომ ის მეგის ქარდავასთან ერთად ახალაიების უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა.

ბაჩო ახალაიას უწყებაში  ჭაკუა სწრაფად დაწიანურდა. ჯერ იყო ოპერატიული განყოფილების, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2007 წლიდან ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე გახდა, 2009 წლიდან კი, მას შემდეგ რაც ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა, ჭაკუამ მისი ადგილი დაიკავა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ჭაკუამ 2012 წლის 18 სექტემბრამდე, ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე იმუშავა.

ამ პერიოდში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭაკუა ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. პარალელურად, ჭაკუას სისტემაში უმაღლესი – იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

მისი ძმა, დიმიტრი ჭაკუა კი დათა ახალაიას უწყების (კუდი) მაღალჩინოსანი, კერძოდ ხობის რაიონის კუდის უფროსი გახლდათ. დიმიტრი ჭაკუა ქართულმა მართლმსაჯულებამ ასევე დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით.

ციხის სკანდალური კადრების გავრცელებისთანავე, დავით ჭაკუა თანამდებობიდან გადააყენეს. საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან 4 დღეში კი, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დავით ჭაკუამ ქვეყანა სარფის გავლით, დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად დატოვა.

ჭაკუა 2013 წელს ავსტრიაში დააკავეს, თუმცა 5000 ევროს ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რის გამოც დავით ჭაკუას საქართველოში ბრალი აქვს წარდგენილი….

მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არაერთ მძიმე დანაშაულში ამხილა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალი წარედგინა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად,რომელსაც მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ბრალი ასევე ედება 2011 წლის 13 სექტემბერს, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

ცემაში ადანაშაულებს ჭაკუას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი მდივანი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილიც.

მისი თქმით, 2007 წლის ოქტომბერში ჭაკუამ და კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ იგი ჯერ სცემეს და შემდეგ კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინეს.

Katana . აჰა, კიდევ ერთი "პოლიტპატიმარი" შეემატა საქართველოს...
4 წლის უკან