ამირან გამყრელიძე: შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში

ამირან გამყრელიძე: შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში

ეპიდსიტუაცია საქართველოში ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

„მთავარი ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველამ ჩვენ, ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკონადაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უფრო უკეთ გამოიყურება ეპიდსიტუაცია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. კერძოდ. მთავარი რეკომენდაციაა პირბადის ტარება, დისტანცირება, ხშირი ხელების დაბანა. დიდი თავშეყრის ადგილებს თავი უნდა დავანებოთ. მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 939 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 817, გარდაცვლილი - 15.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.