„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ AS-ი წერს.
33 წლის ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი „ბარსელონაში“ არსებული გარემოთი დაიღალა.
როგორც გამოცემა წერს, მესის ბრალს დებენ „ბარსელონაში“ არსებულ ყველა პრობლემაში რაც ფეხბურთელს აღიზიანებს. ბოლო თვეების განმავლობაში კლუბში აგორებულ არა ერთ სკანდალს ისიც დაემატა, რომ მესის „ბლაუგრანას“ სპორტული პროექტის წარმატების აღარ სჯერა. ამას ემატება ჭორების გავრცელება იმაზე, რომ ლეო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ერევა და მას დიდი ზეგავლენა აქვს გუნდის ჩამოყალიბებაში და მწვრთნელებსაც კი არჩევს.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, მესი გაბრაზებულია კლუბის მიერ მიღებული სპორტული გადაწყვეტილებების გამო.
ივნისის დასაწყისში მედიაში დაიწერა, რომ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.
არგენტინელი ფეხბურთელი „ბარსაში“ 2004 წლიდან თამაშობს. გუნდთა ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ესპანეთის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ჩემიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. გარდა ამისა, მესიმ „ოქროს ბურთი“ 5-ჯერ მიიღო.