საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე სვეტისლავ პეშიჩი შარუნას იასიკიავიჩუსმა შეცვალა. 44 წლის ლიეტუველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
იასიკიავიჩუსის სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, როცა ის „ჟალგირისში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა. 2016 წელს კი ყოფილი გამთამაშებელი ლიეტუვური გრანდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა.
„ჟალგირისთან“ ერთად იასიკიავიჩუსი ხუთჯერ გახდა ლიეტუვის ჩემპიონი და გუნდი ევროლიგის „ოთხთა ფინალშიც“ გაიყვანა. შარუნას იასიკიავიჩუსმა „ბარსელონას“ რიგებში კალათბურთელის კარიერის დროს 4 სეზონი გაატარა.
„ბარსელონამ“ იასიკიავიჩუსის წინამორბედი, სვეტისლავ პეშიჩი ლიგა ენდესას ფინალში „ბასკონიასთან“ წაგების შემდეგ გაათავისუფლა.