სასტიკად მოკლული გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დააფიქრა მშობლების თაობა იმაში, რას აკლებენ ბავშვებს ისეთს, რაც მათ გაუცხოებასა და სისასტიკეს იწვევს?! ერთი შეხედვით, უფროსი თაობა თითქოს ყველაფერს მოზარდებისთვის აკეთებს, თავდაუზოგავად შრომობს, აგროვებს ფულს, ყველაფერზე მიდის, მათ შორის, ტყუილზეც, უსამართლობაზეც, ოღონდ არაფერი დააკლდეთ შვილებს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ უმთავრესი დააკლეს მომავალ თაობას, რასაც ვერანაირი მატერიალური უზრუნველყოფა ვერ აანაზღაურებს და, რაც მოყვასის სიყვარულში გამოიხატება.
19 წლის ახალგაზრდის - გიორგი შაქარაშვილის ბიძა - მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ განათლების სისტემამ უნდა ასწავლოს ბავშვებს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია.
,,30 წელია, ვუყურებ, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ აინტერესებს განათლების სისტემა. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს, რომ ძალადობა ყველაზე დიდი სირცხვილია?! ეს, რა თქმა უნდა, განათლების სისტემამ უნდა გააკეთოს“, - მიიჩნევს მირიან ნიკოლაძე, რომლის აზრითაც, ასეთ სიტუაციაში მანამდე ვიქნებით, სანამ არ ვიფიქრებთ იმაზე, როგორ შეიძლება ასეთი დანაშაულების პრევენცია და არა იმაზე, რომ ვუცდით შსს-ს და პროკურატურას, როდის გახსნიან ასეთ დანაშაულებს.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია for.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რაც ახალგაზრდების სისასტიკეს განაპირობებს. ტრადიციულ მიზეზებს უკვე დაემატა კორონავირუსისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც.
ასე რომ, კორონავირუსის ფაქტორი, მშობლების გულგრილობა შვილების მიმართ, განათლების სისტემის ხარვეზები - ეს ყველაფერი განაპირობებს ტრაგიკულ შემთხვევებს. თანაც, ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, საუბედუროდ, ერთმანეთს აძლიერებს.
„საზოგადოდ, კოვიდ - 19-ის პანდემიას ახალი არაფერი გამოუჩენია. ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, საზოგადოების ცხოვრებაში რა პრობლემებიც დაგროვილი იყო, ისინი გაამწვავა და მკვეთრად წარმოაჩინა. მთელ მსოფლიოში იმატა აგრესიულობამ, ეს პირდაპირი შედეგია ნეოლიბერალიზმისა და გლობალიზაციის. პანდემიამ ეს ყველაფერი გააძლიერა, რადგან ჩაკეტილი რომ არის ადამიანი, ბუნებრივია, აგრესიულობა უძლიერდება. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტიც ამას ადასტურებს, სივიწროვე პირდაპირ აგრესიულობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამერიკაში ხომ ნახეთ, როგორ აფეთქდა მასობრივი აგრესიულობა. მთელ მსოფლიოში რაც ხდება, ის საქართველოში გაორმაგებულია, საქართველოში ამას ემატება განათლების უვარგისი სისტემა და უმეტეს ოჯახებში არანორმალური მდგომარეობა. კერძოდ, მამა უმუშევარი და აღრენილია, დედა ქანცგაწყვეტილია, ბავშვს პატრონი არ ჰყავს და გამუდმებით ქუჩაშია. კიდევ მიკვირს, რომ როგორღაც მაინც ნარჩუნდება ნორმალური მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტი არ არის აგრესია“, - აცხადებს ზურაბ ვახანია და კონკრეტულად გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.
მისი განმარტებით, ოჯახის საქმეში ვერ ჩავერევით, მაგრამ აუცილებელია შემცირდეს უმუშევრობა. განათლების სისტემის საქმე არ არის ოჯახში რაც ხდება, მაგრამ განათლების სისტემის საქმეა, რაც ხდება სკოლაში, სადაც აუცილებელია, პირველ რიგში, დამრიგებელი, რომელიც მართლაც შეასრულებს თავის ფუნქციას.
„19 წლის ახალგაზრდებს რატომ დაუგროვდათ წლების განმავლობაში ასეთი აგრესია? ეს ხომ არ არის ერთი დღის ამბავი? სკოლას დიდი წვლილი შეაქვს ამ უბედურებაში, თავისი გადატვირთული სასწავლო პროგრამებით, რითაც ბავშვი ღიზიანდება, ბოროტდება, რადგან აუტანელის სწავლას სთხოვენ. იგივეა უმაღლეს სასწავლებელშიც, მთელი განათლების სისტემა გადატვირთულია, არ არის მოსწავლესა და სტუდენტზე ორიენტირებული. ეს ყველაფერი მოქმედებს ახალგაზრდაზე. პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს სპორტული თუ ხელოვნების წრეები, ყველაფერი ბიზნესთან და ფულის შოვნასთანაა დაკავშირებული. სწორედ ეს არის ნეოლიბერალიზმი, რომ ყველაფერი არის ბაზარი, ვაჭრობა და ფულის შოვნა. არ შეიძლება, განათლება და, ასევე, მედიცინა ბაზარზე იყოს მიბმული. სპორტი რატომ უნდა იყოს ვიღაცისთვის მოგების წყარო? სპორტისა და ხელოვნების წრეები სახელმწიფომ უნდა დააფინანანსოს“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი მიიჩნევს, რომ რა აგრესიაც ჩვენს ახალგაზრდებში ტრიალებს, ეს უფრო მშობელზეა დამოკიდებული, ვიდრე განათლების სისტემაზე.
„სკოლაში მუშაობის ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ, როცა შეგვხვდებოდნენ კონფლიქტური ბავშვები და მოვიკითხავდით მათ ოჯახურ მდგომარეობას, აღმოჩნდებოდა, რომ მშობლები გაცილებულნი იყვნენ. აქ ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ, მაგრამ მარტო სკოლასა და განათლების სისტემაზე ყველაფრის გადატანა და გადაბრალება არ არის სწორი. სკოლას არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან იმხელა მხარდაჭერა, რომ ყველაფერი სკოლას მოსთხოვოს თუნდაც საზოგადოებამ. აღზრდაც მოსთხოვო, განათლებაც, ნაწილობრივ, ეს აუცილებელია, მაგრამ მშობელს, ჩემი აზრით, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს აღზრდის კუთხით“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ბევრი რამ ეკონომიკურ მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული, არ უნდა მიდიოდნენ მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ და ა.შ. ასე რომ, ფსიქოლოგზე უფრო მეტად ასეთ ბავშვებს მშობლების ჩართულობა სჭირდებათ.